მეშვიდე დღე და მეშვიდე გამარჯვება. არადა, ტოჩინოშინის მეტოქე მისთვის უხერხული კოტოსიოგიკუ იყო, ვისთანაც აქამდე 9:24 აგებდა.ლევანმა მარცხენა ხელის მავაშში ჩავლება დაასწრო მეტოქეს და პრინციპში ბრძოლაც დამთავრებული იყო – წრიდან მისი განდევნა აღარ გასჭირვებია.
კვირას ლევანი ენდოს უნდა დაუპირისპირდეს. აქამდე მასთან სულ რვაჯერ უბრძოლია და ჯერჯერობით ანგარიში 4:4 გახლავთ.
მოგეხსენებათ, ლევანს ათი მოგება სჭირდება ოძეკის ტიტულის დასაბრუნებლად და თუ ასე განაგრძო, ამოცანას სამ დღეში გადაჭრის. თუმცა, ისეთი ვითარება შეიქნა, ტოჩის სულ თავისუფლად შეუძლია იმპერატორის თასისთვის ბრძოლა.
ამ გზაზე მისი ერთადერთი კონკურენტი იოკოძუნა კაკურიუა, ვისაც ლევანის დარად შვიდივე ბრძოლა მოგებული აქვს.
ძურიოს დივიზიონში მეხუთე გამარჯვება გაიფორმა გაგამარუმ და ისეთი პირი უჩანს, დადებითი ბალანსის დაფიქსირება არ უნდა გაუჭირდეს.