სპორტული სტატისტიკის კომპანია InStat Index-მა პრემიერლიგის შედეგები შეაჯამა. ეს კომპანია თითოეულ მატჩში თითოეული ფეხბურთელის ყველა, წარმატებულ და წარუმატებელ მოქმედებას აღრიცხავს. ამის შემდეგ კომპიუტერულ პროგრამას გამოჰყავს ფეხბურთელის ინდექსი, ანუ მარგი ქმედების კოეფიციენტი.
კომპანიამ სეზონის შედეგები პოზიციების მიხედვით გადათვალა და ბოლოს ასეთი სიმბოლური ნაკრები მიიღო:
ალისონი (ლივერპული) – რობერტსონი (ლივერპული), უოლკერი (სიტი), ვან დეიკი (ლივერპული), მატიპი (ლივერპული) – ფერნანდინიო (სიტი), პოგბა (მანჩესტერი), აზარი (ჩელსი) – სალაჰი (ლივერპული), აგუერო (სიტი), ფირმინო (ლივერპული).
როგორც ხედავთ, მერსისაიდელებმა სეზონის სიმბოლურ ნაკრებში ერთბაშად ექვსი ადგილი დაიკავეს, მაშინ როცა ჩემპიონ სიტის სულ სამი წარმომადგენელი ჰყავს. არავითარი სუბიექტურობა – შედეგები კომპიუტერულმა პროგრამამ დადო.
როგორც ჩანს, ლივერპულელთა პირველობა მხოლოდ ამ სიმბოლური ნაკრებით არ ამოიწურება. პრემიერლიგამ გასული სეზონის პრემიალური თანხებიც ჩამოურიგა კლუბებს და აქაც, ყველაზე მეტი „ლივერპულს“ ერგო. პრემიალურები სამი კომპონენტისგან შედგება. საბაზო თანხას ლიგის ყველა გუნდი თანაბრად იღებს. მეორე კომპონენტია სატურნირო ცხრილში დაკავებული ადგილი, მესამე კი ტელეტრანსლაციები.
გასული სეზონის განმავლობაში ტელეტრანსლაციები „ლივერპულის“ მონაწილეობით ყველაზე პოპულარული იყო. სწორედ ამის ხარჯზე მეორე პრიზიორმა მცირედით, მაგრამ მაინც ჩემპიონზე მეტი დაიმსახურა. ჯამში „ლივერპულმა“ 173 მილიონი ევრო გამოიმუშავა, სიტიმ კი 171,7 მილიონი.