„გრასჰოპერსი“ შვეიცარიის ყველაზე ტიტულოვანი გუნდია, მაგრამ ბოლო წლებში მის შესახებ ბევრი არაფერი გვსმენია. ან რა უნდა გვსმენოდა, როცა ბოლოს ჩემპიონი 2003 წელს გახდა, სამეულს კი 2014-ის შემდეგ არ გაკარებია. სამეული კი არა, გუნდი ცხრილის ფსკერზეა და 68 წლის განმავლობაში პირველად ქვედა ლიგაში დაქვეითდდა.

ოფიციალურად გავარდნა „ლუცერნთან“ კვირას გამართულ მატჩს უნდა დაედასტურებინა. შეხვედრა მაშინ შეწყდა, როცა „ლუცერნი“ 4:0 იგებდა. „გრასჰოპერის“ ფანებმა, რომლებიც გუნდს გასვლით შეხვედრაში ახლდნენ, მოედნის კიდესთან მოიყარეს თავი და შესვლით დაიმუქრნენ. მათთან დასაშოშმინებლად ფეხბურთელები მივიდნენ. ქომაგებმა კი ფეხბურთელებს მაისურების და ტრუსების გახდა მოსთხოვეს – მათი ტარების ღირსი არ ხართო.

სიტუაცია დაძაბული იყო და ფეხბურთელთა უმეტესობამ ფორმა გაიხადა. პაუზა საკმაოდ ხანგრძლივი გამოდგა და მთავარმა მსაჯმა შეხვედრა აღარ გააგრძელა. აწ უკვე მეორელიგელ „გრასჰოპერსს“ ტექნიკური წაგება ჩაეთვალა.