პრემიერლიგა დასრულდა და სანამ ევროპის დამპყრობელი ოთხი ინგლისური კლუბი ჩემპიონთა ლიგისა და ევროლიგის გამარჯვებულებს გაარკვევს, ლა მანშს გადაღმა ქვედა ეშელობის შეჯიბრებას აკვირდებიან. და აღმოაჩინეს, რომ ლიგა ორში ანუ ქვეყნის რანგით მეოთხე ჩემპიონატში, „ტრანმერი როვერსისა” და „ფორესტ გრინის” ნახევარფინალურ შეხვედრაში, ტრიბუნაზე ინგლისის ერთ-ერთი საუკეთესო და პოპულარული მსაჯი მაიკ დინი ზის და არა მარტო ზის არამედ თავგადაკლული ქომაგობს კიდეც.
პირველ შეხვედრაში „ტრანმერის” 1:0 ჰქონდა მოგებული, ასე რომ, საპასუხოში ფრეც ჰყოფნიდა, მაგრამ მე-12 წუთზე გოლი გაუშვა და „ფორესტ გრინს” მდგომარეობის გამოსწორების შანსი გაუჩნდა. მაგრამ, მასპინძელთა სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა, პირველსავე ტაიმში „ტრანმერიმ” ანგარიში გაქვითა და… მაიკ დინი სიხარულით კინაღამ ღრუბელზე ახტა.
ინგლისური საიტები წერენ, რომ დინი სტადიონზე პირველ შეხვედრაშიც შეამჩნიეს, მაგრამ მაშინ ასეთი ემოციური არ იყო — სიხარულის მთელ მარაგს საპასუხო თამაშისთვის აგროვებდაო.
ფინალში „ტრანმერი” უელსურ „ნიუპორტს” ხვდება.
დებულების თანახმად, ლიგა ორის რეგულარულ ჩემპიონატში გამარჯვებული პირველი სამი გუნდი და კიდევ ერთი, რომელიც 4-7 ადგილებზე გასულების ფლეი ოფში გაიმარჯვებს, შემდგომი სეზონიდან ლიგა ერთში ითამაშებს.