ალექსის სანჩისი და პოლ პოგბა — აი, ვინ ყოფილა „მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელთა განხეთქილებაში დამნაშავე. უფრო სწორად, დამნაშავე სანჩისისა და პოგბას პრემიები ყოფილა; ის უზარმაზარი თანხები, რომელთაც ამ ორს თითოეული გოლისა და საგოლე პასის გამო უხდიან.
„სანისთვის” ცნობილი გახდა, რომ ჩილელი თავდამსხმელი, რომელმაც „იუნაიტედში” ვერ ივარგა და ამის მიუხედავად კვირაში 505 000 გირვანქას უხიდან, ყოველ გოლში 75 000, ხოლო საგოლე გადაცემაში 25 000 გირვანქას იღებს.
რაც შეეხება ფრანგ მსოფლიოს ჩემპიონ პოგბას, მისი გოლი 50 000, ხოლო საგოლე პასი 20 000 გირვანქა ღირს.
„მანჩესტერ იუნაიტედის” სხვა ფეხბურთელები ამგვარ წამახალისებელ თანხებს არ იღებენ, რის გამოც გუნდში შური და ფარული ქიშპია გავრცელებული. მანჩესტერელთა ახალი თავკაცი, ოლე გუნარ სულშერი სწორედ ამ არეულობის ჩაწყნარებას აპირებს.
პრემიების ზემოთაღწერილი სისტემა „ოლდ ტრეფორდზე” ხელფასების შესამცირებლად სამი წლის წინ შემოიღეს, მაგრამ, ვინაიდან, მანჩესტერში კლუბების უმეტესობისგან განსხვავებით განსაკუთრებით დიდ თანხებზეა ლაპარაკი, მან უკუშედეგი მოიტანა.
შესაძლოა, სწორედ პრემიათა სისტემა ყოფილიყო მიზეზი, რომლის გამოც სანჩესი და პოგბა „ლესტერთან” შეხვედრაში პენალტის დარტყმას ეცილებოდნენ ერთმანეთს.
დეკემბერში, როდესაც „იუნაიტედის” მწვრთნელის თანამდებობა ჟოზე მოურინიუმ დატოვა და მის ნაცვლად საქმეს სულშერი შეუდგა, გუნდი უკეთ ათამაშდა, მაგრამ ეს დიდხანს ვერ გაგრძელდა.
მანჩესტერელთა შიდა სამზარეულოსთან დაახლოებულმა ერთ-ერთმა ადამიანმა „სანს” დაბეჯითებით უთხრა:
„ნამდვილი პრობლემა წახალისების არასწორი სისტემაა. ის გუნდში რეალურ ქიშპს იწვევს და ბოლოდროინდელი ჩავარდნა უპირველეს ყოვლისა სწორედ ამის ბრალია”.