გაცოცხლებული რუსთავი
ყველაფერი პარასკევს დაიწყო. ცხრილის სათავეში მდგომმა „საბურთალომ“ ბოლოში მყოფ „რუსთავთან“ 1:3 წააგო. ეს თბილისელთა მეორე მარცხი გახლდათ ბოლო ოთხ შეხვედრაში. გაცოცხლებულმა რუსთაველებმა კი ზედიზედ მეორე მატჩი მოიგეს, ქულებით „ლოკომოტივს“ გაუსწორდნენ და უიმედო აუტსაიდერობიდან, ბრძოლაში დაბრუნდნენ. მათი წარმატების საიდუმლოც ცნობილია – ვარლამ კილასონია და… როსტოველი ახალწვეული ფარხად გისტაროვი. მან მიჯრით მეორე მატჩში გაიტანა და ერთიც, საგოლედ ლუკა ზვიადაძეს უპასა.
ამ შეხვედრაში პირველი ბურთი ზვიადაძის სეხნია იმნაძემ გაიტნა. ეს 150-ე გოლი გამოდგა მიმდინარე სეზონში.
ბუდუ – პანენკა
„ტორპედოს“ ერთიანობა და გამძლეობა მართლაც საოცარია, თუმცა, საკუთრივ ფაქტი ძალიან ცუდია. თავიდან ყურმოკვრით გვესმოდა კლუბში არსებული ფინანსური კრიზისის შესახებ, მაგრამ დღეს უკვე აღარავინ მალავს, რომ ფეხბურთელები კარგა ხანია ხელფასს ვეღარ იღებენ. საერთოდ, სეზონის წინ კლუბები სფფ-ში საგარანტიო წერილებს აგზავნიან, სადაც დაწვრილებითაა გაწერილი საბანკო გარანტიები, რომლის მიხედვითაც კლუბს სეზონის განმავლობაში ფინანსური პრობლემა არ შეექმნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ელიგაში თამაშის ლიცენზიას არ აძლევენ. ჯერ ორი წრეც არ გასულა და „ტორპედო“ კი უფულობის გამო ლამისაა დაიშალოს?!
მწვრთნელ-ფეხბურთელები კი უნდა დავაფასოთ. ყველაფრის მიუხედავად, სახეს არ კარგავენ და მინდორზე ბოლომდე იხარჯებიან. ამჯერად მათი „მსხვერპლი“ დედაქალაქური „ლოკომოტივი“ გახდა. ქუთაისელთა სამი გოლიდან ყველაზე ეფექტური ბუდუ ზივზივაძის პენალტი გამოდგა. შარშანდელი სეზონის საუკეთესო თანაბომბარდირი (მაშინ საჩხერელ გიორგი გაბედავასთან ერთად), გუნდს პანენკათი შეეწია. პანენკა რა არის? პენალტი, რომელიც პირველად ჩეხოსლოვაკიის ნაკრების ნახევარმცველმა, ანტონინ პანენკამ შესარულა 1976 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში დასავლეთ გერმანიის წინააღმდეგ. ამ პენალტმა მაშინ ჩეხებს კონტინენტის ჩემპიონის ტიტული მოუპოვა.
შეიძლება ასეთ პენალტებს მანამდეც ასრულებდნენ, მაგრამ ისტორიაში ის სწორედ პანენკას სახელით შევიდა.
ისევ ბათუმი, ისევ თრილერი
წლევანდელი სეზონი რომ შარშანდელისგან განსხვავებულია, ეს უკვე ნათელია. ლიდერი ლამის ყოველ ტურში იცვლება, გუნდები ერთმანეთს ქულა-ქულაში მისდევენ, ინტრიგა მატულობს. რა უნდა იყოს ამაზე კარგი გულშემატკივრისთვის?
მაგრამ ბათუმზე განსაკუთრებით უნდა ვთქვათ. როგორი იყო უმაღლესი ლიგა ამ ლამაზი გუნდისა და გულშემატკივრის გარეშე?
წინა ტურში დაკარგული ლიდერობა ბათუმელებმა ისევ დაიბრუნეს. ნახევარი საათის თავზე მასპინძლები 2:0-ს უგებდნენ თბილისელ თანაკლუბელებს, თამაშითაც სჯობდნენ და ჟინითაც, მაგრამ მეორე ტაიმში საოცარი ამბები მოხდა. მასპინძლება ორჯერ გაიტანეს საკუთარ კარში და ანგარიში გათანაბრდა.
ვითარება დაიმუხტა. ხალხი ახმაურდა და საფეხბურთო ღმერთმა ზღვისპირელები აღარ გაწირა: მესამე წამატებულ წუთზე შეცვლაზე შესულმა თორნიკე გაფრინდაშვილმა მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა, ბურთს მძლავრად დაჰკრა და გამარჯვების გოლი გაიტანა – 3:2. ბათუმის „დინამო“ კვლავ ლიდერია.
ხოლო რაც მერე ტრიბუნებზე ხდებოდა, ენით აუწერელია, ქართულ რეალობაში ეს რაღაც ვირტუალურ გამონათებას ჰგავს.
ბედნიერი მაყურებელი კიდევ დიდხანს ხმაურობდა და არ იშლებოდა. თავისი ქალაქის გუნდის გამარჯვებას ზეიმობდა ალალად და გულიანად.
ლოკომოტივი 1:3 ტორპედო
0:1 ქავთარაძე (12), 0:2 ზივზივაძე (14, პენ), 0:3 ლუკა (62), 1:3 შონია (81)
რუსთავი 3:1 საბურთალო
1:0 იმნაძე (58), 2:0 გისტაროვი (74), 2:1 ცნობილაძე (90+3), 3:1 ზვიადაძე (90+6)
სიონი 2:1 დილა
1:0 კირკიტაძე (18), 1:1 ფორტესი (45), 2:1 ისიანი (72)
ჩიხურა 1:0 ვიტ ჯორჯია
1:0 სარდალიშვილი (69)
ბათუმი 3:2 დინამო
1:0 თევდორაძე (23, პენ), 2:0 ჩალაძე (34), 2:1 ადამაძე (75, საკ. კარში), 2:2 სანტოსი (86, საკ.კარში), 3:2 გაფრინდაშვილი (90+3)
სატურნირო მდგომარეობა
გუნდი | თამაში | მოგება | ფრე | წაგება | ბურთები | ქულა |
---|---|---|---|---|---|---|
ბათუმი | 36 | 21 | 12 | 3 | 73:27 | 75 |
დინამო | 36 | 21 | 7 | 8 | 59:28 | 70 |
დილა | 36 | 17 | 10 | 9 | 48:35 | 61 |
საბურთალო | 36 | 15 | 12 | 9 | 52:40 | 57 |
ლოკომოტივი | 36 | 15 | 8 | 13 | 57:59 | 53 |
თელავი | 36 | 12 | 8 | 16 | 35:53 | 44 |
სამგურალი | 36 | 9 | 14 | 13 | 34:46 | 41 |
ტორპედო | 36 | 9 | 13 | 14 | 38:44 | 40 |
შუქურა | 36 | 5 | 12 | 19 | 28:49 | 27 |
სამტრედია | 36 | 5 | 6 | 25 | 33:76 | 21 |
14 მაისი: ტორპედო – საბურთალო (16:00), ვიტ ჯორჯია – სიონი (20:00)
15 მაისი: ჩიხურა – რუსთავი, დილა – ბათუმი, დინამო – ლოკომოტივი
მეგოლეები: ჯაბა უგულავა (სიონი) – 8, ლევან კუტალია (დინამო), ლაშა შინდაგორიძე (საბურთალო) – 7.