ქართველმა მორაგბეებმა ევროპული ტიტული მოიპოვეს!
ნიუკასლის „სენტ ჯეიმს პარკზე“ ევროპის რანგით მეორე საკლუბო სარაგბო ტურნირის – ჩელენჯ ქაფი (გამოწვევის თასი) ფინალი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს ორი ფრანგული კლუბი დაუპირისპირდა.
„კლერმონმა“ „ლა როშელს“ 36:16 მოუგო და ამ წარმატებაში უშუალო წვლილი ორმა ქართველმაც დაიდო – „ყვითელი არმიის“ რიგებში მეორე ტაიმში ვეტერანი დავით ზირაქაშვილი და ახალგაზრდა ბექა კაკაბაძე გამოჩნდნენ. ორივემ გააგრძელა თანაგუნდელების საქმე და „ლა როშელის“ უმძლავრეს შერკინებას გასაქანი არ მისცა. სხვათა შორის, ამ „ლა როშელის“ შერკინების მწვრთნელი სახელოვანი ბორჯღალოსანი აქვსენტი გიორგაძე გახლავთ, რომელმაც საფრანგეთის ტოპ 14-ში და მთლიანად ევროპაში ერთ-ერთი უმძლავრესი შერკინება ჩამოაყალიბა.
ასეა თუ ისე, „ვულკანებმა“ მეტოქე უშანსოდ დაამარცხეს და ისტორიაში მესამედ აღმართეს ჩელენჯ ქაფი. ეს გამორჩეული მიღწევაა რადგან აქამდე ევროპის მეორე საკლუბო ტურნირის სამჯერ მოგება მხოლოდ ინგლისურ „ჰარლიქუინზს“ მოეხერხებინა. ახლა კი „კლერმონი“ მას გაუტოლდა, თან რაც განსაკუთრებით სასიამოვნოა, მისი მეორე და მესამე ტიტულების თანაშემოქმედი სწორედ 35 წლის დავით ზირაქაშვილია, რომელმაც 2007 წელს ასევე იზეიმა ჩელენჯ ქაფის მოპოვება. 23 წლის ბექა კაკაბაძისთვის კი ეს პირველი საერთაშორისო ტიტულია. სამწუხაროდ, „კლერმონის“ მესამე ქართველი, ბორჯღალოსანი მესამეხაზელი ვიქტორ კოლელიშვილი ამ სეზონში კლუბს ტრავმის გამო ვერ დაეხმარა და ეს ტიტული მის მიღწევებში არ ჩაიწერება.
საინტერესოა, რომ ბოლო წლებში ჩელენჯ ქაფს აუცილებლად „ქართული“ კლუბები ეუფლებიან: შარშან – ანტონ ფეიქრიშვილის „კარდიფ ბლუზი“, შარშანწინ – ზურაბ ჟვანიას „სტად ფრანსე“. კიდევ ერთი წლით ადრე – დავით ქუბრიაშვილისა და მიხეილ ნარიაშვილის „მონპელიე“. მოკლედ, ქართველები ამ ჯილდოს საფუძვლიანად გაუშინაურდნენ.