ცოტა შორიდან მოვყვები… 13 მარტი, მიუნხენი, ალიანს არენა. თვალებს არ ვუჯერებ-სტადიონის ტრიბუნა მოძრაობს. უბრალოდ, მოძრაობს, თუმცა რაღა უბრალოდ – მიწისძვრის შეგრძნებას იწვევს ეს ყველაფერი – მიუნხენელი ფანებით გადაჭედილი ტრიბუნა მოძრაობს. უყურებ და ითრგუნები, როგორ უნდა მოიგო აქ?

მოძრავი ტრიბუნა როკავს, ღმუის, ჩამოშლის პირასაა, თითქოს ლავასავით უნდა გადმოვიდეს და შემუსროს გზად ყველაფერი…
მოძრავი ტრიბუნის საიდუმლო მომდევნო დღეს ამოვხსენით, როცა მე და ჩემ სარბიელელ კოლეგა-მეგობარს, კობა ინასარიძეს, უკვე დამთვარიელებლების რანგში მოგვიხდა „ალიანს არენაზე“ მისვლა.
ტრიბუნის იმ ნაწილში ბაიერნის ფანკლუბის სექტორია დასაჯდომი სკამების გარეშე და ამ სკამების ნაცვლად დამონტაჟებულია ლითონის დრეკადი დასადგომი ძელები და სწორედ ძელების ეს დრეკადობა იწვევს განუმეორებელ ეფექტს, ეფექტს რომელიც დამთრგუნველად მოქმედებს სტუმარზე და… ამ წნეხსაც გაუძლო მაშინ ლივერპულმა და როგორც ახლა აღმოჩნდა, სწორედ მიუნხენიდან ჩაეყარა საფუძველი ამ გიჟურ ევროპულ რბოლას, რბოლას რომელმაც სრულიად მსოფლიო გააოგნა წუხანდელი ენფილდური მატჩით.

გამაოგნებლად შეუდარებელი იყო ენფილდური ატმოსფერო ბარსელონასთან მატჩისას – ტემპით, რიტმით, იურგენ კლოპის საოცარი დირიჟორობით, დიდებული ორკესტრით და შედეგად, კიდევ ერთი საოცარი საფეხბურთო ისტორია, ისტორია რომელმაც ლივერპული მეცხრედ გაიყვანა ჩემპიონთა ლიგის ფინალში…
თითქოს ყველაფერი მეორდება, ნახეთ რამხელა მსგავსებაა ბარსელონასთან 7 მაისის მატჩსა და დაუვიწყარ სტამბოლურ ფინალს შორის. მაშინდელის მსგავსად, ახლაც წარმოუდგენელი ქამბექი დაიდო. 54-ე და 56 წუთებზე შეძლეს მაშინ ჯერარდმა და შმიცერმა ანგარიშის გათანაბრება და ახლაც ზუსტად ამ წუთებზე შეძლო იგივე ჯინი ვეინალდუმმა, მართლაც ყოვლისშემძლე ჯინივით რომ შეასრულა კლოპის დავალება…
და პატარა ბიჭუნა, ბურთის მიმწოდებელი პატარა ლივერპულელი ბიჭუნა, საჩქაროდ და დროულად რომ მიაწოდა ბურთი ტრენტ არნოლდს და მანაც საოცარი სიზუსტით საოცრება ჩაადენინა დივოკ ორიჯის… ცოტა ხნის წინ ტრენტიც ბურთის მიმტანი ბიჭუნა იყო… აი, ასეთი, შვილიშვილებისთვის მოსაყოლი ამბავია…
ეს ენფილდია, ეს ლივერპულია…
