სეზონი მიილია. იტალიურ ტურინში „იუვენტუსის“ მორიგი სკუდეტო თითქოს ცალყბად აღნიშნეს. თუნდაც შარშანდელისგან განსხვავებით, წელს მდევარმა „ნაპოლიმ“ ვერ ივარგა და „ბებერი სინიორას“ უპირატესობა მოსაწყენად კატასტროფული იყო. წარუმატებლად დასრულდა „იუვეს“ მორიგი საჩემპიონთალიგო ლაშქრობაც.
არადა, ხომ გახსოვთ, როგორი ეიფორია მოჰყვა გასულ ზაფხულს კრიშტიანუ რონალდუს გადაბარგებას ტურინში? სუპერმეგოლის გამოჩენით სარგებელს ერთი კონკრეტული კლუბი კი არა, მთელი ლიგა გამოელოდა. მოვიდა გაზაფხული და წინასწარი შედეგებიც გადათვლილია.
ათვლის წერტილად 33-ე ტურის შემდეგ შექმნილი სიტუაცია ავიღოთ და გასული წლის ანალოგიურ პერიოდს შევადაროთ. „იუვემ“ ცოტა ნაკლები გაიტანა, ვიდრე შარშან – 67 (შარშან – 78). ცოტა უფრო მეტი გაუშვა – 23 (შარშან – 19). სულ ცოტათი მეტი ქულა დააგროვა 87 (შარშან – 85). სულ ეს არის…
პირადად რონალდუს ვერაფერს დასწამებ. გუნდის საუკეთესო მეგოლე და მეპასეა. საგოლე გადაცემებსა და ბურთის ართმევებში მადრიდული მაჩვენებლებიც გაიუმჯობესა და შემოდგომაზე ერთი ხანობა ლამის მარტო მიათრევდა გუნდს გამარჯვებებისკენ.
მაშ რა მოხდა და რატომ ჩაცხრა ასე ერთბაშად შარშანდელი ეიფორია? იმიტომ, რომ რონალდუსა და „იუვენტუსის“ კავშირი იმთავითვე განწირული იყო სათამაშო სტილების შეუთავსებლობის გამო.

მასიმილიანო ალეგრი ფრთხილი და მოზომილი კაცია. ფეხბურთიც ასეთივე უყვარს. მას კი უცბად უყიდეს შინაგანი წყობით აგრესორი ფეხბურთელი, რომელიც ურტყამს ნებისმიერი პოზიციიდან და მთელ გუნდს შეტევაში მიაქანებს. ეს დაახლოებით იგივე იყო, მოჭადრაკეს რომ კრივის ხელთათმანები აჩუქო. „იუვე“ ყოველთვის სათამაშო დისციპლინის ეტალონი იყო, რონალდუ კი არსად და არასოდეს ყოფილა გუნდური მოთამაშე. ალეგრიმ სცადა, მინიმუმამდე დაეყვანა ტაქტიკური ზიანი და სამ შემტევს პოზიციური თავისუფლება მისცა.

ამან უკუეფექტი გამოიღო: რონალდუმ ნახა, რომ მარცხენა ფლანგზე აღარ იყო მიჯაჭვული და დიბალა ჯერ კარის სიახლოვიდან, მერე კი სულაც სასტარტო შემადგენლობიდან განდევნა. პირველმა ამის შესახებ მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონმა მარკო ტარდელიმ ისაუბრა:

„რონალდუ მთელ გუნდს თავს ახვევს თამაშის საკუთარ წესებს და ხელს უშლის ზოგიერთ ფეხბურთელს სრული ძალით თამაშში. დიბალა ერთ-ერთი მათგანია“. სუფთა საფეხბურთო ასპექტში „იუვემ“ გადაიხადა უზარმაზარი ფული და გაწირა დიბალა, რომ იგივე შედეგი მიეღო, რაც შარშან. მასიმილიანო ალეგრის ორი გამოსავალი აქვს: ააშენოს გუნდი რონალდუს გარშემო,

განახორციელოს ტრანსფერები და ძირფესვიანად შეცვალოს სათამაშო სტილი ან მომავალი სეზონიც შარშანდელი პრობლემებით გააჯახიროს. პირველი ვარიანტი პერსპექტიული იქნებოდა, რონალდუ რომ პატარა ბიჭი იყოს და წინ კარიერის ათი წელი ჰქონდეს, მაგრამ არა ახლა.

მომავალ წელს პორტუგალიელი დაჰკრავს ფეხს და ჩინეთში ან ამერიკაში ან კიდევ სხვაგან წავა, სადაც წინასაპენსიო ასაკისანი დიდი ფულის საშოვნელად მიდიან, ტურინელები კი უარესი პრობლემების წინაშე აღმოჩნდებიან. რჩება მეორე ვარიანტი, მაგრამ ისმის კითხვაც: რატომ? ანდრეა ანიელი მაზოხისტია, რონალდუ რომ იყიდა? ჰოდა, მივადექით იქნებ უმთავრეს სათქმელსაც კი – კომერციული ეფექტი.

„იუვემ“ ახალი სპონსორული ხელშეკრულება გააფორმა „ადიდასთან“ და წლიურად 51 მილიონ ევროს მიიღებს. უშუალოდ რონალდუ კონტრაქტში არ ფიგურირებს, მაგრამ მისმა ფაქტორმა დააჩქარა მოლაპარაკების პროცესი.

„იუვემ“ 30%-ით გააძვირა აბონემენტები და ამით დამატებით 29 მილიონი ევრო იშოვა. სეზონის პირველ ნახევარში 5.6 მილიონი ევროთი მეტის მაისურები და ატრიბუტიკა გაიყიდა, ვიდრე ერთი წლით ადრე. სოციალურ ქსელებში „იუვეს“ ხელმომწერთა რაოდენობა 22 მილიონით გაიზარდა. და ბოლოს: კლუბის კაპიტალიზაციამ რეკორდი მოხსნა. კლუბის ერთი აქცია რონალდუს მისვლამდე 0.6 ევრო ღირდა, დღეს კი 1,28 ევრო.

დამახასიათებელი მომენტია, რომ პერიფერიაში სრული ანშლაგები იყო, მაგრამ თუ მაყურებლები განაცხადში რონალდუს ვერ ხედავდნენ, უკან აბარებდნენ ბილეთებს. როგორ ფიქრობთ, ბოლოს ჩამოთვლილი ფინანსური მონაცემები საკმარისი არგუმენტებია თუ არა ანდრეა ანიელისთვის, რომ კიდევ ერთი წელი შეეგუოს გუნდში შექმნილ ვითარებას? ამიტომაც გამოდის „იუვენტუსი“ და მისი პრეზიდენტიც კრიშტიანუ რონალდუს მძევალი. აქცია კოდური სახელწოდებით CR7 ანდრეა ანიელის იმთავითვე მოკლევადიანად ჰქონდა ჩაფიქრებული, რაც ჩემპიონთა ლიგაში წარმატებას ისახავდა მიზნად. არ გამოვიდა. კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ სხვა კლუბებისა და ზოგადად ლიგის ხელმძღვანელებსაც. იყო მოლოდინი, რომ ყველაზე გაყიდვადი მედიაპროდუქტი სახელად „რონალდუ“ მთელი ლიგის მიმართ გაზრდიდა მაყურებლის და შესაბამისად, სპონსორთა ინტერესსაც…

სერია A ისევ მეოთხეა ტოპჩემპიონატებში უცხოელი მაყურებლის ინტერესის მიხედვით. რონალდუ ჯადოქარი არ არის. მან ერთ კლუბს და ისიც მოკლევადიან პერსპექტივაში მოუგვარა გარკვეული მარკეტინგული საკითხები. ეს იყო და ეს. ხვალ რონი აიკრავს გუდა-ნაბადს და წავა, „ბებერი სინიორას“ და კალჩოს პრობლემები კი ზედმეტად სიღრმისეულია საიმისოდ, რომ ერთმა, თუნდაც სუპერფეხბურთელმა მოაგვაროს.