ლეგენდარული მეკარე იკერ კასილიასი საავადმყოფოდან გამოწერეს. ბოლო ორი დღის განმავლობაში მას რამდენიმე ტესტი ჩაუტარეს, რომლებმაც დადებითი შედეგი აჩვენა. ჰოსპიტლის წინ მას უამრავი ჟურნალისტი და თაყვანისმცემელი ელოდა.
„არ ვიცი რა მელის მომავალში, მაგრამ მთავარია, რომ გამოვჯანმრთელდი და თავს კარგად ვგრძნობ. ახლა რამდენიმე კვირას, შეიძლება თვესაც დავისვენებ და მერე გადავწყვეტ რა გზას ვეწიო, – მიმართა შეკრებილთ პორტუს მეკარემ, – ასეთი რამ ყველას შეიძლება დაემართოს. ამჯერად მე მომივიდა, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა.
თანადგომამ, რომელსაც ამ დღეებში ვგრძნობდი უამრავი ადამიანისგან, სოციალურ ქსელებში თუ პირადად, უფრო გამაძლიერა.
მადლობას ვუხდი ჰოსპიტალის პერსონალს, მთავარ ექიმ პორტუ ნელსონსა და კარდიოლოგ ჟოაო კარლოს სილვას.
ეს იყო რამდენიმე მშფოთვარე დღე, როცა ყველა ველოდით რა მოხდებოდა და როგორ განვითარდებოდა ჩემი გულის ამბავი. საბედნიეროდ, ახლა ყველაფერი უკან დარჩა.“
მთელი ამ ხნის განმავლობაში მას გვერდიდან არ მოსცილებია მეუღლე სარა კარბონერო. ყოფილი სპორტული ჟურნალისტი.
სერჟიუ კონსეისაუ, „პორტუს“ მწვრთნელი: „გამოგიტყდებით და თავიდან სერიოზულად არ შემიხედავს მომხდარისთვის. ვარჯიში მიმდინარეობდა და იკერი ცალკე ასრულებდა იყო. როცა თავი შეუძლოდ იგრძნო. გონება არ დაუკარგავს. თავადაც ვერ ხვდებოდა თუ გულის შეტევა მოუვიდა. მერე უთხრეს ყველაფერი.
კიდევ კარგი ახლოს გუნდის ექიმები იყვნენ. სახლში რომ მოსვლოდა, მისი ხასიათიდან გამომდინარე, ყურადღებას არ მიაქცვდა და შეიძლება ყველაფერი ფატალურად დასრულებულიყო. აქ კი ექიმებმა გასინჯეს და მაშინვე გააქანეს ჰოსპიტალში.
ვადასტურებ, ასეთი ბედნიერი მაშინაც არ ყოფილა, როცა ესპანეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა. ეს იკერის გაცილებით დიდი გამარჯვება იყო სიცოცხლეში.“
ტექნიკური ტერმინით თუ ვიტყვით, ეს იყო მიოკარდიუმის ინფარქტი, რომელიც ყველაზე გავრცელებული, მძიმე და სახიფათო გულის დაავადებაა.
კასილიასის კარიერაში ყველაზე ნათელი წერტილი 2010 წელი გახლდთ, როცა ესპანეთის ეროვნული გუნდი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. პლეი ოფში მაშინ იკერს გოლი არ გაუშვია. მან ნაკრებთან ერთად 2008 და 2012 წლის ევროპის ჩემპიონატებზეც გაიმარჯვა. ჯამში კი 167-ჯერ მოირგო „ფურია როხას“ მაისურა.
საკლუბო დონეზე კასილიასი მადრიდის „რეალთან“ ერთად ხუთჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი და სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. დებიუტი კი „სამეფო კლუბში“ 17 წლისას ჰქონდა.
ის „რეალის“ აკადემიის აღზრდილია და კლუბში ჯამში 25 წლის განმავლობაში ირჯებოდა. 2015 წელს ის „პორტუს“ შეუერთდა და ბოლო დღეებამდე, სანამ გულის შეტევა მოუვიდა, უმაღლეს დონეზე თამაშობდა. მონაწილეობა მიიღო „ლივერპულთან“ ახლახან გამართულ ჩემპიონთა ლიგის ორივე მეოთხედფინალურ შეხვედრაში.
„პორტუსთან“ მისი კონტრაქტი 2020 წელს იწურება, თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველია რა იქნება მომავალში. სეზონი, ფაქტობრივად, დამთავრებულია, მალე ფეხბურთელები შვებულებაში წავლენ. იკერიც დაისვენებს და მალე გაირკვევა, შეძლებს თუ არა ის პროფესიული კარიერის გაგრძელებას.