იურგენ კლოპს ჰკითხეს, როგორ უყურებს „სიტისთან“ საჩემპიონო „ოქროს მატჩის“ გამართვის იდეას.
„განა ეს შესაძლებელია? დიდებული იქნებოდა „სიტისთან“ ასეთ მატჩში დაპირისპირება,“ – იყო გერმანელის პასუხი.
პრემიერლიგის დებულება ამგვარ მატჩს თეორიულად კი ითვალისწინებს, მაგრამ არასოდეს გამართულა. იმისათვის, რომ „ოქროს მატჩი“ დაინიშნოს, გუნდებს არამხოლოდ ქულები, გატანილი და გაშვებული ბურთებიც თანაბარი უნდა ჰქონდეს. ამ დროს, რეგლამენტში საერთოდ არ არის გათვალისწინებული ჩემპიონობის პრეტენდენტთა ურთიერთშეხვედრების შედეგი.
შესაძლებელია თუ არა, პრემიერლიგის ისტორიაში პირველად ამგვარი მატჩი „ლივერპულსა“ და „სიტის“ შორის შედგეს? თეორიულად და პრაქტიკულადაც შესაძლებელია. ამ წუთისთვის „სიტის“ 92 ქულა აქვს და ბურთების ბალანსი 90:22. „ლივერპულის“ მონაგარი 91 ქულაა, ბურთების შეფარდება კი 84:20.
დავუშვათ: „სიტიმ“ ორივე დარჩენილი შეხვედრა 0:0 დაასრულა „ლივერპულმა“ კი ერთი წააგო 1:2 (ვთქვათ, „ნიუკასლთან“) და მეორე მოიგო 5:0 („ვულვზთან“). ასეთ შემთხვევაში ორივე გუნდს 94 ქულა უგროვდება და ბურთების აბსოლუტურად იდენტური ბალანსი – 90:22.
ესეც თქვენი „ოქროს მატჩი“!
ბუნებრივია, ეს მხოლოდ თეორიაა, მაგრამ ერთი წამითაც რომ დავუშვათ მისი რეალობა, ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ნაკლები აუდიტორია ნამდვილად არ ეყოლებოდა.
სწორედ ამ თეორიულ შანსზე დაეკითხნენ ლივერპულელთა თავკაცს.
კლოპი თანახმაა. გვარდიოლა?