ცნობილი გახდა, რომ კრიშტიანუ რონალდუმ 10 მილიონ გირვანქად ღირებული „ბუგატი” იყიდა. ასე ძვირი მანქანაში არავის არასდროს გადაუხდიაო, წერენ მას-მედიაში.

უფრო სწორად ხსენებული „ბუგატი” რომ გაიყიდა, დამალული არც იყო, თუმცა მყიდველის ვინაობას არ ასაჯაროებდნენ და აი, თურმე ის კრიშტიანუს უყიდია.

პორტუგალიელი ძვირიანი მანქანების მოყვარული რომ არის და თავისი „საჯინიბო” სავსე  აქვს ისეთი ავტომობილებით, რომლებიც ავ თვალს არ დაენახება, ძველი ამბავია. კიდევ, ცნობილია, რომ მას „ბუგატი” უყვარს — შარშან, მაგალითად, 2,15 მილიონ გირვანქად „ბუგატი შირონი” შეიძინა. იქვე უყენია „ასტონ მარტინები”, „ლამბორგინები” და „როლს როის ფანტომიც” კი. მაგრამ, რონალდუს ბოლო შენაძენი ყველაზე ექსტრავაგანტური გახლავთ.

„ბუგატის” La Voiture Noire (ლა ვუატურ ნუარი ანუ შავი მანქანა) ჟენევის მოტოშოუზე გახლდათ წარმოდგენილი. ფრანგულმა საავტომობილო კომპანიამ სუპერმანქანის მოდელი ერთადერთ ეგზემპლარად გამოუშვა და ასე აღნიშნა თავისი დაარსების 110 წლისთავი.

როგორც გითხარით, კომპანია მალავდა ვინ იყიდა უნიკალური ავტომობილი, მაგრამ, როგორც ამბობენ, თავად პორტუგალიელმა ვერ მოითმინა და საჭეს რომ მიჯდომოდა ჩეკი გამოწერა.

კრიშტიანუ რონალდუ „იუვენტუსში” კვირაში 500 000 გირვანქას იღებს. ეს მხოლოდ ფეხბურთელის ხელფასია, სარეკლამო შემოსავლები აქ არ შედის.