„ბარსელონასა” და „ლივერპულის” ნახევარფინალური შეხვედრის წინ მსოფლიო გაგიჟდა. პირზე ყველას ლეო მესი აკერია. ერთ-ერთი მათგანი თვით „ლივერპულის” მწვრთნელი იურგენ კლოპიცაა. მან თქვა:
„იმ ფეხბურთელებს შორის, ვინც მე მინახავს, მესი საუკეთესოა. ამას 100 პროცენტით ვამბობ. კრიშტიანუც სადღაც იქვეა. გარდა ამისა, მე თავად გამიწვრთნია ბევრი კარგი ფეხბურთელი, მაგრამ მათ კარიერა ჯერ არ დაუსრულებიათ და მესის სიმაღლემდე ბევრი აკლიათ. ისინი უნდა გაიზარდონ.
მამაჩემი ამბობს, რომ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი პელე იყო, მაგრამ მე პელეს თამაში ცოცხლად არ მინახავს. პელესთვის ახალგაზრდა ვარ.
გარშემო კი მართლა ბევრი კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ვიმეორებ, ჩემთვის ასეა: ლეო მესი ყველას სჯობს”.
თუმცა, რაოდენ ძლიერ ფეხბურთელადაც არ უნდა მიაჩნდეს კლოპს მესი,ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მისი „ლივერპული” ყველა ღონეს იხმარს, რათა არგენტინელს და „ბარსელონას” 2015 წლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის პირველად მოგებაში ხელი შეუშალოს. მაშინ, 2015-ში „ბარსას” ლუის ენრიკე ედგა სათავეში.
მესიმ „ბარსასთან” ერთად მოიგო ჩემპიონთა ლიგა 2006 წელსაც, როდესაც გუნდს ფრანკ რაიკარდი წვრთნიდა.
პეპ გვარდიოლას ხელში კი არგენტინელმა უდიდესი საკლუბო ტროფი 2009 და 2011 წლებში აღმართა.
მესის შესახებ თავის YouTube-ის არხზე ილაპარაკა ცნობილმა კატალონიელმა ჟურნალისტმა და საფეხბურთო მწერალმა, არგენტინელი ვარსკვლავის შესახებ წიგნის ავტორმა გილემ ბალაგემაც. მან თქვა, რომ ადრე თუ გვიან მესი აუცილებლად დაბრუნდება თავის მშობლიურ ქალაქ როსარიოში და „ნიუელს ოლდ ბოიზში” ითამაშებს.
„მას ასეთი ოცნება აქვს. უნდა ერთ მშვენიერ დღეს „ნიუელს ოლდ ბოიზში” ითამაშოს, მაგრამ ძალიან მეეჭვება, რომ ეს ამ ეტაპზე შესაძლებელი იყოს, რადგან არგენტინის ჩემპიონატი საუკეთესოთა შორის აღარ არის. ბევრჯერ მითქვამს, რომ ლეო კიდევ 4-5 წელიწადს ითამაშებს (მესი 31 წლისაა) და ის ამ დროს „ბარსელონაში” გაატარებს. მას ევროპის სხვა გუნდში ვერ ვიხილავთ”.
საინტერესოა, რომ ამ ბოლო დროს ცნობილი გახდა მესის ბიოგრაფიის ერთი დეტალი: თურმე, 2014 წელს, სიკვდილამდე ექვსი დღით ადრე, „ბარსელონას” მძიმე სენით ჩაწოლილმა მწვრთნელმა ტიტო ვილანოვამ მესის „კამპ ნოუდან” წასვლა გადააფიქრებინა. როგორც ამბობენ, მაშინ არგენტინელს „მანჩესტერ სიტი” და „პარი სენ ჟერმენი” „უბნევდნენ თავ-გზას”, მაგრამ ვილანოვამ გადაწონა და მისი წყალობით ლეომ „ბარსასთან” ერთად კიდევ ოთხჯერ მოიპოვა ლა ლიგის ჩემპიონის ტიტული.