ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მივეჩვიეთ, რომ „აიაქსი“ თავზეხელაღებულად შემტევი გუნდია…

მივეჩვიეთ, რომ გაუშვებს, მაგრამ მაინც სხვაზე ერთით მეტს გაიტანს…

მივეჩვიეთ, რომ ეს გუნდი უტევს ყველაზე ლამაზად და თავს იცავს ისე, როგორც გამოუვა…

„ტოტენჰემთან“ ნახევარფინალში კი სულ სხვა „აიაქსი” ვნახეთ – დაღვინებული გუნდი, რომელმაც საკუთარი კარის გასაღები მეტოქეს საიმედოდ დაუმალა. თან როგორ მეტოქეს?!

„ტოტენჰემს“ აქამდე ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 21 შეხვედრაში ჰქონდა გატანილი. გოლს ვინ ჩივის, ლონდონელებმა კარის ჩარჩოში ერთადერთხელ დაარტყეს. მთელი „აიაქსი“ დიდებული იყო, მისი დაცვის ბურჯი დეილი ბლინდი კი ზღაპრული. მხოლოდ მის ანგარიშზე 4 სუფთად ართმევა, 4 ჩაჭრა და 8-ჯერ საჯარიმოდან გამოტანილი ბურთი იყო. ანუ, მან მარტომ მეტოქის 16 (!) შეტევა ჩაშალა.

მატჩის წინ ამსტერდამელთა ყოფილმა დამრიგებელმა მარტინ იოლმა ბრძანა: „ლიორენტე მაშინაა კარგი, როცა მასირებულად უტევ, არადა ასეთ დროს „აიაქსმა“ შეიძლება სამპასიანი კონტრშეტევა აქციოს გოლად. გაუჭირდება ერიკსენსაც. ის დიდებული მეპასეა, მაგრამ ვის მისცეს პასი?“

ისე ყველაფერი კარგად აგიხდეთ: ლიორენტემ ერთადერთხელ დაარტყა კარში, ერიკსენმა ორად ორჯერ გაიყვანა დასარტყამ პოზიციაზე პარტნიორები და პასების სიზუსტეც უჩვეულოდ დაბალი ჰქონდა – 66%.

კი, ბატონო, ლონდონელებს შემტევები აკლდათ, მაგრამ ეს სულაც ვერ აკნინებს ჰოლანდიელთა გარჯას. ეგ კი არა, „აიაქსზე“ ძელსმონახვედრი ბურთი კარში რომ გასულიყო, ისიც ალალი იქნებოდა.

„აიაქსი” ლონდონში სულაც არ იყო ყველაზე ლამაზი, მაგრამ აშკარად იყო ყველაზე ჭკვიანი მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაში.