„მანჩესტერ სიტი” მზად არის „ატლეტიკოს” ერთი ფეხბურთელის გამო დაამხოს თავისი სატრანსფერო რეკორდი და თუ საჭიროა 70 მილიონი ევროც კი გადაიხადოს.

ევროპული პრესა წერს, რომ მართალია პეპ გვარდიოლა დღეს „ლივერპულთან” საჩემპიონო რბოლით არის დაკავებული, მაგრამ „ქალაქელები” არც სატრანსფერო ფრონტზე არიან უქმად.

ესპანური რადიო Cadena SER იუწყება, რომ პრემიერლიგის მოქმედ ჩემპიონს 22 წლის ნახევარმცველის როდრის ყიდვა უნდა. როდრი, იგივე როდრიგო ერნანდეს კასკანტე „ატლეტიკომ” გასულ ზაფხულს „ვილიარეალისგან” შეიძინა. მადრიდელებმა ფეხბურთელში 20 მილიონი ევრო გადაიხადეს, რომელსაც გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში კიდევ 5 მილიონი უნდა დამატებოდა.

როდრიმ მიმდინარე სეზონში „როხიბლანკოს” შემადგენლობაში 31 თამაში ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.

როგორც ჩანს, როდრის მოსურნეთა სიაში მხოლოდ „მანჩესტერ სიტი” არ არის. რადიოსადგურმა Onda Cero-მ ერთი ხნის წინ თქვა, რომ ნახევარმცველის ყიდვით დაინტერესებულები არიან „პარი სენ ჟერმენი”, „ბაიერნი” და „მანჩესტერ იუნაიტედი”.

ესპანეთში როდრიზე დიდ იმედებს ამყარებენ. ელოდებიან, რომ ის ნაკრებში „ბარსელონას” გამოცდილ ვეტერანს სერხიო ბუსკეტს შეცვლის.

მართალია, „ატლეტიკოს” როდრისთან ხუთწლიანი კონტრაქტი აკავშირებს, მაგრამ ამბობენ, რომ თუ „მანჩესტერ სიტიმ” მოინდომა, ფეხბურთელს ტრანსფერი არ ასცდება. ბოლოს და ბოლოს, „ქალაქელებს” როდრის გამოსასყიდი თანხის, 70 მილიონი ევროს გადახდა არ გაუჭირდებათო.

და თუ ასე მოხდება, დაიჩრდილება რიად მაჰრეზში შარშან გადახდილი თანხა — 50 მილიონი ევრო.

ზოგადად კი „ატლეტიკოს” ფეხბურთელებზე დიდი ნადირობაა გამოცხადებული, „ბაიერნს” ლუკას ერნანდესის შეძენა უნდა, ხოლო იგივე სიტი ფერნანდინიოს შემცვლელად საულის წაყვანასაც ფიქრობს.