ფრანგული  სარაგბო სეზონი ფინიშის სწორზეა. თანდათან ირკვევა, ვინ გავარდება, ვინ დაწინაურდება, ხოლო მორაგბეები თავის მომავალზე ახლავე ზრუნავენ, სეზონის დასრულებას არ ელოდებიან.

ასე მაგალითად, ქართველმრავალმა „ბრივმა“ პრო დე2-დან ტოპ-14-ში აღზევება ფაქტობრივად დაიბევა – ბოლო ტურის წინ უახლოეს მდევარ „ოიონას“ 4 ქულით უსწრებს. ამ გუნდის ქართველმა ბურჯმა ლუკა გოგინავამ კი სხვაგან წასვლა გადაწყვიტა. 22 წლის მორაგბეს ბრიველებთან ერთწლიანი კონტრაქტი ჰქონდა, მაგრამ მან სტაბილურად მხოლოდ იმ პერიოდში ითამაშა, ვიდრე კარლენ ასიეშვილი გაწყვეტილ მუხლქვეშა მყესს იშუშებდა. ხოლო გამოცდილი ბორჯღალოსნის გამოჯანმრთელების შემდეგ ლუკა შემადგენლობაში ვეღარ ხვდებოდა. მან სეზონში 11 მატჩი ითამაშა და ერთი ლელოც მიითვალა („ბრესანთან“).

გოგინავა მომავალი სეზონიდან 2022 წლამდე “ანგულემში” ითამაშებს, რომელსაც შეძლებული და ამბიციური მეპატრონე ჰყავს. ამ კლუბის ღირსებას ვეტერანი ბორჯღალოსანი შალვა სუთიაშვილი, 20-წლამდელთა ნაკრებში ლუკას თანაგუნდელი ნიკა ნეფარიზე და 20 წლის ზაურ თევდორაშვილი იცავენ.

აი, „მასი“ კი, კარგახნის გავარდნილია ფედერალ 1-ში და მისმა ერთ-ერთმა საუკეთესო ბურჯმა ილია კაიკაციშვილმა სხვა გუნდის მოძებნა გადაწყვიტა. ამ მხრივ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. ხოლო იგივე ამპლუის კიდევ ერთმა ქართველმა გიორგი ახალაძემ „მასიში“ დარჩენა 2 წლით გაიხანგრძლივა. 20 წლის ესპუარი გუნდში 2021 წლამდე იქნება. ცნობისთვის, ახალაძემ 2 წლის წინათ 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშა.

წილი
წინა სტატიალივერპული?
შემდეგი სტატიამესი ჩემპიონია!
სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.