მანჩესტერული დერბი 2:0 დამთავრდა, „სიტიმ” „იუნაიტედს” მოუგო და ოლე გუნარ სულშერმა აღიარა, რომ დღეს მათ ქალაქში გვარდიოლას გუნდი უფრო ძლიერია.

„მანჩესტერ იუნაიტედი” ასეთ საშინელ დღეში 1962 წლის მერე არ ყოფილა — ბოლო 9 თამაშიდან 7 წააგო. ამ შეხვედრებში გუნდმა 20 გოლი გაუშვა და მხოლოდ 6 გაიტანა. დავაზუსტოთ: „იუნაიტედს” 2 აპრილის შემდეგ ცოცხალი თამაშიდან ბურთი მეტოქის კარში არ შეუგდია.

„სიტისთან” წაგებამ სულშერის გუნდს ფაქტობრივად განაჩენი გამოუტანა — ის მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგას უნდა დაემშვიდობოს. სადღეისოდ პრემიერლიგის ცხრილში „იუნაიტედი” მე-6 ადგილზეა და „ჩელსის”, რომელიც მეოთხეზეა ანუ ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელი პოზიცია უკავია, 3 ქულით ჩამორჩება.

ამასობაში კი „სიტიმ” „ლივერპულს” კვლავ გადაასწრო და ჩემპიონის ტიტულთან სამი მოგება აშორებს. ეს სამი მოგება ქალაქელებმა უნდა მოიპოვონ ბარნლიში, შინ „ლესტერთან” და სტუმრად „ბრაიტონთან”.

მატჩის შემდეგ, „სქაი სპორტთან” საუბრისას სულშერმა თქვა: „დღეს ჩვენზე ძლიერმა გუნდმა დაგვამარცხა. სხვა გზა არ გვაქვს, ცხოვრება უნდა განვაგრძოთ.

კარში ბევრჯერ არ დაგვირტყამს, მაგრამ მუხლჩაუხრელად ვიმუშავეთ და მონდომებით უკმაყოფილო არ ვარ. უბრალოდ მეტოქის ტოლი გუნდი არ ვიყავით.

„სიტისა” და ჩვენ შორის თამაშის ხარისხშია განსხვავება. ამიტომაც არის „სიტი” ცხრილის სათავეში. დღეს სტანდარტს ის აწესებს და როგორც მანჩესტერელებს ჩვენ ეს ძალიან გვწყინს.

თამაშის დონით „სიტის” დაწევა და გასწრება ახლა ჩვენზეა დამოკიდებული. ჩვენთვის ეს გამოწვევაა.

ახლა ერთ მუშტად უნდა შევიკრათ. ნაჩქარევი და სულელური არაფერი უნდა გავაკეთოთ”.

წილი
წინა სტატიამხიარული ფეხები
შემდეგი სტატიაგოლი მერვე წამზე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...