რაფა ბენიტესი რომ თავისი საქმის ჯადოქარია, ინგლისში აქამდეც იცოდნენ. დასტურად სტამბული-2005 კმარა. ახლა კი მის სხვა გამოვლინებასაც მიაქციეს ყურადღება.
„ნიუკასლს“ შარშანდელ და მიმდინარე სეზონში 35 ტურის შემდეგ აბსოლუტურად იდენტური შედეგი აქვს, გატანილი და გაშვებული ბურთების ჩათვლით: 11 მოგება, 8 ფრე, 16 მარცხი, 35 გატანილი და 44 გაშვებული ბურთი, 41 ქულა.
იტყვიან, ეს სტაბილურობის ნიშანიაო, მაგრამ სად „ნიუკასლი“ და სად სტაბილურობა?! კლუბის მფლობელი მაიკლ ეშლი ათი წელია, ქომაგებს „კაჭკაჭების“ გაყიდვას პირდება, მაგრამ არც ამას დაადგა საშველი და არც ახალი ტრანსფერებისთვის ფულის გამოყოფით იკლავს თავს.
ბენიტესი გუნდში 2016 წლის გაზაფხულზე მივიდა, მაგრამ პრემიერლიგიდან გავარდნისგან ვერ იხსნა. ვერც წავიდა – ეშლისთვის ბევრი მილიონის გადახდა მოუწევდა კონტრაქტის გაწყვეტის გამო.
ბენიტესმა კი იმავე წელს დააბრუნა „ნიუკასლი“ პრემიერლიგაში და ყოველგვარი ტრანსფერების გარეშე მე-10 ადგილზე გაიყვანა. წელს შედეგი უკეთესი იქნებოდა, რომ არა ჩავარდნა სეზონის სტარტზე. იანვრიდან რომ გადავთვალოთ, გუნდი ექვსეულში იქნებოდა „ჩელსის“ გვერდით.
რაფა ბენიტესს „ნიუკასლთან“ კონტრაქტი ივნისში ეწურება. ფანები მის მხარეს არიან, მაგრამ ბენიტესი სატრანსფერო გარანტიებს ითხოვს:
„მე ჩემპიონთა ლიგაში თამაში და არამხოლოდ თამაში მინდა. ამ სატრანსფერო პოლიტიკით და ამ სახელფასო უწყისებით კონკურენტუნარიანები არ ვართ. ახლა განვიხილავთ ჩემს ახალ კონტრაქტს და ამ საკითხებსაც შევეხებით. ვნახოთ, რას შემომთავაზებენ“.