„ჩელსიმ” „ბარნლისთან” 2:2 ითამაშა და ამ შეხვედრაში გაწევ-გამოწევაც მოხდა. დასავლეთ ლონდონელთა მწვრთნელი მაურიციო სარი მოედნიდან გააძევეს კიდეც.
სარი მსაჯის დამატებულ დროში გააძევეს, როდესაც მატეო კოვაჩიჩმა და ბარნლელმა ჯეკ კორკმა გაიწიეს ერთმანეთზე. „ჩელსის” თავკაცის ასისტენტმა, წარსულში ცნობილმა იტალიელმა ფეხბურთელმა ჯანფრანკო ძოლამ თქვა, რომ მის შეფს მოწინააღმდეგე გუნდის სათადარიგოთა სკამიდან მიაყენეს შეურაცხყოფა.
ძოლა მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე სარის ნაცვლად მივიდა და თქვა: „მაურიციო ძალიან გაბრაზებული და ნაწყენია. ამიტომაც ამჯობინა პრეს-კონფერენციაზე გამოსვლისგან თავი შეეკავებინა. მას წითელი ბარათი ამოუღეს, არადა მასაც მიაყენეს შეურაცხყოფა. სარის მიაჩნია, რომ მისი გაძევება სამართლიანი არ იყო. მისი გაგება რთული არ არის. ის იმედგაცრუებულია შედეგის, გაძევების და ბევრი სხვა მიზეზის გამო”.
შეხვედრა, რომლის დასრულების დროსაც მეტოქეებს შორის აყალმაყალი მოხდა, როგორც მოგახსენეთ 2:2 დასრულდა. „ლურჯების” მცველმა დავიდ ლუისმა თამაში მოკლედ დაახასიათა:
„ძნელია რამე გააწყო იმ გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც მთელი მატჩის განმავლობაში ორად ორი მომენტი ჰქონდა და ორივე გოლით დასრულდა”.
დასავლეთ ლონდონელთა მეორე მცველს, ანტონიო რუდიგერს ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ ჩხუბი მაინც მოახერხა. როდესაც მასა და „ბარნლის” მეკარეთა მწვრთნელს ბილი მერსერს შორის დაპირისპირება დაიწყო, გერმანელი გასაშველებელი გახდა. სავარაუდოდ მერსერმა გამოიყვანა წყობიდან „ჩელსის” მეკარეთა მწვრთნელი მასიმო ნენჩი და ფიზიკური მომზადების სპეციალისტი პაოლო ბერტელი.
შელაპარაკებები და გაქაჩვები გვირაბს შიგნით, გასახდელების მიმდებარე ტერიტორიაზეც გაგრძელებულა.