„ევერტონმა” „მანჩესტერ იუნაიტედი” 4:0 რომ გაანადგურა „ლივერპულს” ძალიან აწყობსო, წერენ ინგლისელი მიმომხილველები. მათი ლოგიკა გასაგებია: ოთხშაბათას „ოლდ ტრეფორდზე” მანჩესტერული დერბია. „იუნაიტედს” 75 ათასი გულშემატკივარი გაამხნევებს, მაგრამ ესეც რომ არ იყოს, სავარაუდოდ, თავად გუნდი არ დაუშვებს ზედიზედ მეორე სირცხვილს, მითუმეტეს დერბიში; ყველა ღონეს იხმარს რომ არ წააგოს. და თუ თავმოყვარეობის აღდგენის მიზნით ყალყზე შემდგარი „იუნაიტედი” „სიტის” ქულებს დააკარგვინებს, ამით „ლივერპულის” საქმე გაკეთდება.

თუმცა, „ევერტონთან” მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე ოლე გუნარ სულშერს დაუთვალეს. მან მთელი ექვსი წამი იფიქრა, სანამ უპასუხებდა კითხვაზე, საერთოდ ადარდებთ თუ არა „მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელებს, რაც გუნდის თავს ხდება.

„არ ვიცი, — უპასუხა სულშერმა და გაიმეორა, — არ ვიცი. ეს მათ უნდა ჰკითხოთ. მე უკვე ვკითხე. და საერთოდ, ამ კითხვის ადრესატი მე არ უნდა ვიყო. საკითხი გაცილებით სიღრმისეულია. ეს კითხვა კლუბს უნდა დაუსვათ”.

საიტები წერენ, რომ ნორვეგიელი მწვრთნელი საპრესკონფერენციო ოთახში სკამზე დაჩიავებული ჩანდა. მან ბოლო რვა თამაშიდან ექვსი წააგო.

„გულშემატკივარს ბოდიში უნდა მოვუხადოთ. ფანები მხარში გვიდგანან. ხოლო ის, რასაც ჩვენ — ჩემით დაწყებული, ფეხბურთელებით დამთავრებული — ვაკეთებთ, „მანჩესტერ იუნაიტედს” არ ეკადრება. ჩვენ ქომაგებს ვუღალატეთ. ჩვენ კლუბს ვუღალატეთ. ის თამაში, რაც დღეს ვნახეთ იმდენად ცუდი იყო, რომ ვერც კი ავღწერ “, — თქვა სულშერმა.

დღეისათვის „მანჩესტერ იუნაიტედს” 48 გოლი აქვს გაშვებული, ამდენი კი მანკუნიანელებს ბოლო 40 წელიწადია არ გაუშვიათ. და რაც კიდევ უფრო შემაშფოთებელია, სტატისტიკა მეტყველებს, რომ მეტოქეები სულშერის ბიჭებზე მეტსაც დარბიან და ორთაბრძოლებშიც უფრო ინდომებენ.

„გუდისონ პარკზე” „ევერტონმა” „მანჩესტერ იუნაიტედზე” 8,3 კილომეტრით მეტი ირბინა და საერთოდ, თუკი გარბენილ მანძილებს დავთვლით, ვნახავთ, რომ იმ 17 მეტოქიდან, რომლებიც „იუნაიტედს” სულშერის მოსვლის შემდეგ შეხვდნენ, სირბილში 15-მა აჯობა.

„დღეს, მეტოქემ საბაზისო ელემენტების წყალობით მოგვიგო, — განაგრძო „იუნაიტედის” მწვრთნელმა, — აუტების შორს ჩაწოდება, ორთაბრძოლაში შესვლა, კუთხურები, პირველი ბურთის მოგება… ეს ის ინგრედიენტებია, რომლებიც ნიჭს თუ არ დაამატე, წააგებ. მოედანზე ვერსად დაიმალები. ჩვენ კარში პირველად 85-ე წუთზე დავარტყით.

არაფრად გვივარგა ფიზიკური მომზადება. ერთი სული მაქვს, როდის დამთავრდება ეს ჩემპიონატი და როდის ჩავუტარებ გუნდს სეზონისწინა შეკრებას. ფიზიკურ მომზადებას ნიჭთან არაფერი აქვს საერთო.

თუმცა, ფეხბურთს მხოლოდ სირბილითაც ვერ მოიგებ. ფეხბურთს იგებენ ფეხბურთელები, რომლებიც უფრო ჭკვიანურ გადაწყვეტილებებს იღებენ. ჩვენ „ევერტონს” ყველაფერში ჩამოვრჩით.

მინდა ჩემი გუნდი პრემიერლიგაში ყველაზე მეტს მუშაობდეს. ჩვენ, სერ ალექსის ხელში სწორედ ასეთები ვიყავით. რაგინდ ნიჭიერიც უნდა იყო, მაინც სხვებზე მეტი სირბილი გმართებს”.