- აი, გაზაფხულიც მოვიდა. რას გამოელი აქედან?
- ბევრს არაფერს, ახალი არაფერი ხდება. აი, გიგზიც დაიმტვრა. ახალი არაფერია.
- გიგზი თუ დაიმტვრა. როგორღა არ არის ახალი ამბავი?
- კარგი ერთი. გიგზი შარშანაც დაიმტვრადა შარშანწინაც, საერთოდ, უცნაური ბიჭია, უელსელი და არც არის უელსელი, მაგარია და არც არის მაგარი, დამტვრეულია და არც არის დამტვრეული. საერთოდ, ზამთარში უყვარს თამაში.
დანარჩენ დროს?
- დანარჩენ დროს დამტვრეულია, ან იმისთვის ემზადება, რომ დამტვრეული იყოს.
- როგორ თუ ემზადება?
- აი, ეგრე. ფერგიუსონმა ხომ უნდა გაიმართლოს თავი, გიგზი არა გვყავს და ვაგებთო?
- ეგ რა გამართლებაა?
- ერთგვარი. აი, რედონდო კი ვერაფრით გაიმართლებს თავს.
- ეგ რედონდო რომელია?
- აი, მაგარ გოგოს რომ ჰგავს და მაგარი ბიჭი რომაა. „რეალში“ თამაშობს.
- რა ჩაიდინა?
- ახალი არაფერი, „რელამა“„ტენერიფესთან“ წააგო?
- უყურე შენ „ტენერიფეს“, როგორ მოახერხა ეს ამბავი?
- ჭურში ზიხარ? საკვირველია ის იქნებოდა, „რეალს“ რომ მოეგო. მეხო კოდრო მეხივით დაეცა იმ ბროილინიან კანისარესს. სულ პენალტები ჩაუჯიბა.
- რატომ იქნებოდა საკვირველი? ან ეგ მეხო რა ამისთანა მეხია?
- მეხო სულაც არ არის მეხი. ერთი თათრის ბიჭია. უბრალოდ, „რეალს“ უჭირს კუნძულელებთან თამაში. სულ ასეა, რაც რედონდო „ტენერიფედან“ „რეალში“ გადავიდა. „რეალს“ რომ რედონდო არ გადმოეყვანა, ყოველთვის აჯობებდა „ტენერიფეს“.
- უცნაური ხომ არ არის ეს ლაპარაკი?
- ეგებ უცნაურიც იყოს, მაგრამ იმაზე უცნაური მაინც არ არის, ფრანგებს რაც სჭირთ.
- ფრანგებს რაღა სჭირთ?
- რა და იმის მაგივრად, რო აფრიკის მიმდინარე ჩემპიონატში მონაწილეობდნენ, ნორვეგიელებს ეთამაშებიან.
- გამაგიჟებს ეს კაცი, რა უნდათ ფრანგებს აფრიკის ჩემპიონატში?
- რა და, ოქროს მედლები. უეჭველად გახდებოდნენ აფრიკის ჩემპიონები, მაგრამ ემე ჟაკეს ჰგონია, რომ მსოფლიო ჩემპიონი გახდება და ამიტომ არ წავიდა აფრიკის ჩემპიონატზე, არ დავითარსოო.
- და განა შეიძლება ევროპის გუნდი აფრიკის ჩემპიონატში მონაწილეობდეს?
- როგორ არა. მითუმეტეს, როცა ევროპის ჩემპიონატში ვერანაირ ტურას ვერ დაიჭერს. ხომ გახსოვს, რა ტურაც დაიჭირეს ტურამმა და სხვებმა?
- მაინც ვერ გავიგე, როგორ შეიძლება ევროპელი აფრიკის პირველობაზე დაუშვან.
- საკვირველი ის არის, რომ ლილიან ტურამს და იბრაჰიმ ბას უშვებენ ევროპის ჩემპიონატზე და არა ის, რომ ზინედინ ზიდანი აფრიკის ჩემპიონი უნდა ყოფილიყო. მაგრამ რახან აფრიკის თასზე ნიგერია არ არის, ფრანგებმაც არ იკადრეს.
- ნიგერიაო… ნიგერიაშიც არაფერია ახალი?
- არც ისე. კვირას კანუ გამოვიდა „ლაციოსთან“.
- მერე?
მერე გამოჩნდა, რომ ახლა გული კი აღარ სტკივა, არამედ შესტკივა.
- ეგ როგორ?
- როგორ და ისე, რონალდოს არ შესტკივა, ჯორკაეფს არ შესტკივა, კანუს კი შესტკივა – აქაოდა, დიდხანს მეძინაო.
- რა მიზეზია, რომ „ინტერი“ ვერ იგებს?
- მე ბერგომის ტელევიზორთან ვეძებდი, ის კი კაპიტანია.
- ვინ არის ბერგომი?
- „ინტერის“ ბრეჟნევი.
- მაშ, საქმე ჩაფლავებულია?
- ეგ ხუუბ სტევენსს ჰკითხე, კაცია ეგეთი. „სან-სირო“ იმან იცის.
- და გაზა რას ამბობს, გაზა?
- იქნებ კრიკეტზე გველაპარაკა. ახალი ისედაც არაფერია.
28.02.1998