ცხოვრებაში, ვირჯილ ვან დიიკის უდიდესი მოწინააღმდეგე მუცლის სნეულება ყოფილა. ფეხბურთზე საერთოდ აღარ იყო ლაპარაკი, ექიმებს თურმე ეშინოდათ, რომ ახალგაზრდა ვერ გადარჩებოდა. არადა დღეს, 27 წლის ჰოლანდიელი „ლივერპულის” ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია, რომელიც პრემიერლიგის ტიტულისთვისაც იბრძვის და მალე ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშიც უნდა ითამაშოს.
მართლაც რა შორსაა ეს ყველაფერი იმ დღეებიდან, როდესაც ვან დიიკი „გრონინგენში” გამოდიოდა და საავადმყოფოში მოხვდა…
2012 წელს, როდესაც ახლა უკვე მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მცველს დაავადება მოერია, „გრონინგენს” რობერტ მაასკანტი წვრთნიდა. ის იგონებს:
„ვირჯილი საავადმყოფოში დედამ წაიყვანა. ის მეტს ვეღარ დაიცდიდა და მართალიც გამოდგა. რომ არ დაეძალებინა, ბიჭი დღეს იქ არ იქნებოდა, სადაც არის. საავადმყოფოდან დაბრუნებული ძალიან სუსტად იყო”.
სუსტად იქნებოდა, აბა რა, ვან დიიკმა 12 კილოზე მეტი დაიკლო, ჩამოხმა და ექიმებმაც უთხრეს, რომ სერიოზული დაავადება გადაიტანა. იმხანად მისთვის მთავარი ბურთის თამაში კი არა, ჯანმრთელობის აღდგენა იყო. ფეხბურთმა თითქოს მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა შეიძინა, მაგრამ ჯიუტი ვირჯილი მდგომარეობას არ შეეპუა.
მაასკანტი: „ავადმყოფობამ ვან დიიკს ნახევარი წელი წაართვა, მაგრამ ჩვენ მას ინდივიდუალური პროგრამა შევუდგინეთ. ვირჯილმა სეზონისწინა პერიოდს თავი იოლად გაართვა და როდესაც თამაშებში ჩაერთო, უკვე სრულად გამოავლინა თავისი ოსტატობა”.
ფინელი ნახევარმცველი ტიმ სპარვი (დღეს დანიურ „მიდტიულანდში” გამოდის) იხსენებს, რომ მისი ყოფილი თანაგუნდელი, სანამ მცველის პოზიციას მოირგებდა, თავდასხმაში თამაშობდა. ვან დიიკის დასახასიათებლად ის ასეთ შემთხვევას იგონებს:
„არასდროს დამავიწყდება ერთი საშინაო შეხვედრა „ფეიენოორდთან”. ბურთი ვირჯილს ჰქონდა, ოღონდ ის ცოტა არ იყოს დახტოდა. და ვირჯილმა, ისე რომ თავის გადაწყვეტილებაში წამით არ დაეჭვებულა, დაახლოებით ორმოცდაათმეტრიანი პასი გადააწოდა დუშან ტადიჩს (დღეს „აიაქსში” თამაშობს). ბურთი პირდაპირ ტადიჩის ფეხთან დაეშვა. საოცარი იყო. ვან დიიკს საკუთარი თავის იმდენად სწამდა, რომ არ უყოყმანია. აზრად არ მოსვლია, რომ შეიძლებოდა ამ სიშორეზე ბურთი ზუსტად ვერ გადაეწოდებინა და დაეკარგა.
ვირჯილი ძალიან ნიჭიერი იყო, მაგრამ მალე მიხვდა, რომ თუ უნდოდა ერთ-ერთი საუკეთესო გამხდარიყო, უნდა შემოგვერთებოდა ფეხბურთელების იმ ჯგუფს, რომელიც დამატებით ვარჯიშებზე დავდიოდით და თავს ვიტვირთავდით”.
სწორედ ამ დამატებითი მუშაობის წყალობით შეამჩნია ვირჯილ ვან დიიკი გლაზგოს „სელტიკის” სკაუტთა შეფმა ჯონ პარკმა. შოტლანდიელი სუპერსკაუტი დარწმუნებული იყო, რომ მარგალიტი აღმოაჩინა, მაგრამ ალბათ ისიც კი არ ელოდა, რომ 2015 წელს, „საუთჰემპტონი” 2,5 მილიონ გირვანქად ნაყიდ ბიჭში არც მეტი არც ნაკლები 13 მილიონს გადაუხდიდა.
და რასაკვირველია, ვერავინ იფიქრებდა, რომ 2018 წელს „ლივერპულს” ჰოლანდიელში უკვე 75 მილიონის გადახდა მოუწევდა.
პარკი: „დღეს წყნარი ფეხბურთელები მომრავლდნენ. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ლიდერებს აღარ ზრდიან. ამასთან, ძველი, ტრადიციული კომპონენტები დაიკარგა. მაგალითად, თავით ვეღარავინ თამაშობს. თანამედროვე ფეხბურთი ერთფეროვანია: პასი, პასი, პასი… ვირჯილს კი იმთავითვე ეტყობოდა, რომ ნამდვილი ლიდერი და თან ძალიან მაღალი დონის ოსტატი იყო. მართალია, მას ცუდი პერიოდი ედგა, მაგრამ „სელტიკის” მწვრთნელის ასისტენტმა იოჰან მიელბიმ მითხრა, რომ ჩვენ ის მაინც უნდა გვეყიდა.
ისე, ლუის სუარესიც „გრონინგენიდან” არის. მათ იქ კარგი ფაბრიკა აქვთ”.