„სიტი“ – „ტოტენჰემის“ დრამამ დროებით ყველაფერი გადაფარა. „აიაქსის“ სიგიჟეც კი, რომელმაც მადრიდის „რეალის“ შემდეგ ტურინის „იუვენტუსიც“ შეახრამუნა.

აქვს თუ არა მომხდარს გამართლება? აშკარად!

პირველი ის, რომ ამსტერდამულ კლუბში ისევ თავხედობამდე მისული ნიჭიერი ბიჭების ცვენაა. მეორე: „აიაქსს“ აშკარად აქვს სუსტი წერტილები (დაცვა არ უვარგა), მაგრამ ძლიერი მხარეებით ცდილობს მის გადაფარვას. მადრიდელებიც და ტურინელებიც ელოდნენ, რომ „აიაქსი“ მათი სიდიადის წინაშე დაიმორცხვებდა, საკუთარ ნახევარზე ჩაიკეტებოდა და იღბალს მიენდობოდა. ვერ მოგართვით!

ჩახედეთ სტატისტიკას – „აიაქსმა“ „იუვე“ ტურინში სასტიკად დაჩაგრა. მატჩის მიწურულს ყველა საფეხბურთო ლოგიკით ამსტერდამელებს თამაში უნდა „მოეკლათ“ და ანგარიშის შენარჩუნებაზე ეთამაშათ. სცადეს კიდეც, მაგრამ არ გამოსდით.

„სითავხედით“ „აიაქსის“ ეს თაობა ოცდახუთი წლის წინანდელს მაგონებს – ვან დერ სარის, ოვერმარსის, კლიუვერტის და ძმათა მისთა… ამათაც შეუძლიათ კიდევ ერთი-ორი სიგიჟე მოასწრონ, სანამ დაშლიან.

არადა, რაც უნდა გულდასაწყვეტი იყოს, ამათ ერთად არავინ გააჩერებს. ფრენკი დე იონგი უკვე ბარსელონელია, მატეო დე ლიხტს და შონი ვან დე ბეკსაც მსურველთა რიგი უდგათ, დუშან ტადიჩის დონის შემტევი ევროპაში ერთ-ორია და ზიეხს კიდევ ლიგის ფლეი-ოფის შეხვედრებში მეტჯერ დაურტყამს, ვიდრე მთელს „მანჩესტერს“. დენი ბლინდი და ლასე შონე ცუდი ბიჭებია?

ჰოდა, მე ამ „აიაქსის“ მხარეს ვიქნები. სულ ერთი თვეღა დარჩათ ამ ბიჭებს სასწაულის მოსახდენად და რატომაც არა?!

მერე დაველოდით ბევრი წელი, სანამ ამსტერდამში ისევ არ გაიზრდება ჩემპიონთა ლიგის მომგები ხულიგნების თაობა.

წილი
წინა სტატია68 წამიანი სიგიჟე და არანორმალური თამაში
შემდეგი სტატიამუსას შოკი
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".