მოლდოვის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საპრესკონფერენციო დარბაზში ქართველი კინორეჟისორის, საერთაშორისო კინოფესტივალების ლაურეატის გოგი თორაძის დოკუმენტური ფილმის „ქართული კალათბურთის“ საჯარო ჩვენება შედგა.

ფილმში უნიკალურ საარქივო ფოტო და კინომასალაზე დაყრდნობით გადმოცემულია ქართული კალათბურთის თითქმის საუკუნოვანი ისტორია. ავტორებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ქართული კალათბურთის ტრიუმფალურ გამარჯვებას 1962 წელს, როდესაც თბილისის დინამოელებმა ჟენევაში დაამარცხეს მადრიდის „რეალი“ ანგარიშით 90:83 და მოიპოვეს ევროპის ჩემპიონთა თასი – იმ პერიოდისთვის კონტინენტის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტიტული.

ფილმში ნაჩვენებია თბილისის დინამოელთა სსრკ ჩემპიონობის (1950, 1953, 1954 და 1968 წწ) ამსახველი კადრები, სახელოვანი ქართველი კალათბურთელების წარმატებული გამოსვლები ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე, ასევე ოლიმპიურ თამაშებზე.

დიდი ყურადღება ეთმობა ჩვენი კალათბურთის განვითარებას და მიღწევებს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ. ჩვენი კალათბურთელების გამოსვლა NBA-ს კლუბებში, საქართველოს ეროვნული გუნდის გამოსვლას ევროპის ჩემპიონატზე.

ფილმის საჯარო ჩვენების ორგანიზატორები მოლდოვის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი თენგიზ პაჭკორია იყვნენ.

„ქართული კალათბურთის“ ჩვენებას დაესწრნენ მოლდოველი ჟურნალისტები, ვეტერანი კალათბურთელები, საქართველოს ელჩი მოლდოვაში მერაბ ანთაძე, მოლდოვის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელები, რეჟისორი გოგი თორაძე და ჩვენების ინიციატორი თენგიზ პაჭკორია.

შექმნილია ამ ფილმის ქართულ-ინგლისურ-რუსულენოვანი ვერსიები.

ფილმის სცენარის ავტორები არიან ნონა ღამბაშიძე და აკაკი გვიმრაძე, კონსულტანტები ჯამლეტ ხუხაშვილი და როლანდ ხომერიკი, პროდიუსერი რევაზ მახათაძე, ოპერატორი თეიმურაზ სულაბერიძე.

ფილმის ჩვენების მიზანია ქართული კალათბურთის ისტორიის პოპულარიზაცია, საქართველოს სხვა ქვეყნებთან ურთიერთობის განვითარება კულტურისა და სპორტის სფეროში.

რეჟისორი გოგი თორაძე არის 30-ზე მეტი დოკუმენტური, სატელევიზიო, მოკლემეტრაჟიანი თუ მხატვრული ფილმების ავტორი, მათ შორისაა 15 ფილმი სპორტის თემაზე.

„ქართული კალათბურთი“ არის ნეაპოლის საერთაშორისო კინოფესტივალის ლაურეატი, მისი ფილმი “ჩვენი ფეხბურთი” გახდა მილანის და ტაშკენტის სპორტული ფილმების საერთაშორისო ფესტივალების ლაურეატი.