ესპანელი ტომი რობრედო კარიერის პიკზე მსოფლიოს მეხუთე ჩოგანიც იყო, მაგრამ 36 წლის ვეტერანი ამჟამად მესამე ასეულის ბინადარია და ეტყობა, ამანაც გააბედინა, La Vanguardia- სთან ინტერვიუში გულახდილი ყოფილიყო:
– ყოველი წაგებული შეხვედრის შემდეგ უამრავ შეტყობინებას ვიღებდი ოჯახის წევრების სალანძღავი და მუქარის შემცველი შინაარსით. მემუქრებოდნენ, რომ გადამიმტვრევდნენ მუხლებს. არიან ადამიანები, რომლებიც ჩოგბურთზე დადებული ფსონებით დიდ ფულს შოულობენ ან კარგავენ.
ჩოგბურთელთა 99% მომხრეა, რომ ჩოგბურთი ტოტალიზატორს გაემიჯნოს, მაგრამ მე ვამბობ 99 პროცენტს, რადგან არიან ისეთებიც, ვინც არასწორი ფორმით ფულს შოულობენ. თუ ასეთებისგან გავთავისუფლდებით, ნამდვილ ჩოგბურთს დავიბრუნებთ.