მაურიციო სარის ექსპერიმენტი ჩაფლავდა — „ჩელსის” ვეტერანის კრეიგ ბარლის აზრით, ედენ აზარის ცენტრალურ თავდამსხმელად გამოყვანა, ხოლო გონსალო იგუაინისა და ოლივიე ჟირუს სათადარიგოთა სკამზე დატოვება ცუდი იდეა გამოდგა.

„ჩელსიმ” კვირას „ლივერპულთან” 0:2 წააგო, მაგრამ უნდა ითქვას, რომ სახიფათო მომენტები მანაც შექმნა. აზარს ორი დიდებული შანსი ჰქონდა და თუ მეორე ეპიზოდში მერსისაიდელთა მეკარე ალისონმა იხსნა თავისი გუნდის კარი, პირველში მასპინძლები მხოლოდ იღბალმა გადაარჩინა. ეს იყო მომენტი, როდესაც აზარმა ვირტუოზულად ითამაშა, დიდ სისწრაფეზე ბურთი დაიმორჩილა და დაარტყა, მაგრამ ის ძელმა უკუაგდო.

სარიმ იგუაინი მოგვიანებით შეიყვანა მოედანზე. არგენტინელმა ცენტრალური ფორვარდის პოზიცია დაიკავა, აზარი კი ფრთაზე გადავიდა. ბარლი ამბობს, რომ ამ გადაადგილების შემდეგ აზარის აქტიურობა უფრო სახიფათო გახდა, მაგრამ იგუაინმა დიდად ვერ ივარგა და საბოლოოდ „ლივერპულმა” გაიმარჯვა.

ახლა „ჩელსის” მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრის პრობლემა აქვს. მართალია, დასავლეთ ლონდონელები მეოთხეზე არიან, მაგრამ „არსენალზე” ორი თამაშით მეტი აქვთ, ხოლო „მანჩესტერ იუნაიტედზე” ერთი თამაშით მეტი.

„არსენალი” დღეს თამაშობს სტუმრად „უოტფორთან”.

ESPN FC-სთან საუბარში ბარლიმ თქვა: „აზარის ცენტრფორვარდად დაყენების ექსპერიმენტმა ამ სეზონში უკვე რამდენიმეჯერ არ გაამართლა. ის შუაში ისეთი ეფექტური არ არის, როგორც ფლანგებიდან. მართალია, მას ორი ნაღდი საგოლე მომენტი ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა”.

და კიდევ, „ლივერპულისა” და „ჩელსის” შეხვედრაში მოჰამედ სალაჰმა სტუმრების კარში ფენომენალური სილამაზის გოლი გაიტანა (იხილეთ ვიდეო).