სამჯერ მეტია შანსი, რომ ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგა ლეო მესიმ მოიგოს, ვიდრე კრიშტიანუ რონალდუმო, თქვა ამერიკულმა საიტმა 538-მა. 538 ჩვეულებრივი საიტი არ გეგონოთ, ის 2008-ში ვინმე ნიუ-იორკელმა ნეიტ სილვერმა დააარსა და მას ABC News ფლობს. თავად ABC News კი უოლტ დისნეის კომპანიას ეკუთვნის.

538-სთვის სპორტი საქმიანობის მხოლოდ ერთი სფეროა. ის უფრო პოლიტიკისა ეკონომიკის ანალიზით არის დაკავებული. საიტის მუშაობის პრინციპს კი აქ უბრალოდ ვერ აგიხსნით, რადგან ის საკითხთან დაკავშირებული ყველა მონაცემის შეგროვებაზე, დახარისხებაზე და შემდგომ ანალიზზე არის დაფუძნებული. რაკი 538 მსოფლიო მასშტაბს მოედო, თვით აშშ-ის არჩევნებსაც კი მარტივ მამრავლებად შლის და უმდიდრეს კომპანიას ეკუთვნის, უნდა ვივარაუდოთ, რომ მისი დასკვნა სერიოზულია. სხვა საქმეა, რომ ქვეყნად ყველაფერი ხდება და ფეხბურთის ღმერთებს 538-ის დასკვნა ნაკლებად ადარდებთ, მაგრამ საკუთრივ კვლევის შედეგები საინტერესოა.

ოდნავი დამრგვალებით პროცენტებში მეოთხედფინალისტი კლუბების შანსები შემდეგნაირად გამოისახება: ლივერპული — 29%, ბარსელონა – 27%, მანჩესტერ სიტი — 21%, იუვენტუსი — 9%, ტოტენჰემი — 8% და აიაქსი — 5%.

რასაკვირველია, ნეიტრალური გულშემატკივრის სურვილი „ბარსელონასა” და „იუვენტუსის” ფინალი გახლავთ, რადგან ხალხს ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს დიდი დაპირისპირების ნახვა უნდა. შეგახსენებთ, რომ რონალდუს ჩემპიონთა ლიგა ხუთჯერ აქვს მოგებული, მესის კი ოთხჯერ. აგრეთვე შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი და არგენტინელი ფინალში ადრეც შეხვედრიან ერთმანეთს, კერძოდ 2009 წელს, როდესაც მესის „ბარსელონამ” რონალდუს „მანჩესტერ იუნაიტედს” 2:0 მოუგო.