ოლე გუნარ სულშერი იმ სპორტს რომ გაჰყოლოდა, რომელზეც პირველად შევიდა, დღეს „მანჩესტერ იუნაიტედში” სულ სხვა ამბები იტრიალებდა. მანჩესტერელთა ნორვეგიელი თავკაცი ბავშვობაში კლასიკურ ანუ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ვარჯიშობდა.

რა უნდოდა სულშერს ჭიდაობაზე? პასუხი მარტივია: მამა ჰყავდა მოჭიდავე.

თან, ოივინდ სულშერი დაბალი დონის მოჭიდავე სულაც არ გახლდათ. ის 1966-71 წლებში ზედიზედ ექვსჯერ გახდა ნორვეგიის ჩემპიონი. სპორტს კი ჯარში ეზიარა.

1970 წელს მამა სულშერი ნორვეგიის ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ნაკრებთან ერთად კანადის ქალაქ ედმონტონშიც კი იყო, მსოფლიოს ჩემპიონატზე.

რვა წლის  ოლე გუნარმაც მამის კვალზე გადაწყვიტა წასვლა და ორი წელიწადი გულმოდგინედ დადიოდა დარბაზში, მაგრამ შემდეგ ფეხბურთზე გადაერთო. მიზეზი: როგორც მისი ტანვარჯიშის მწვრთნელი ინგვერ იოჰანსონი იგონებს, ის ძალიან მოქნილი იყო, ნებისმიერ სახეობაში ივარგებდა, ოღონდ… მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გარდატეხის ასაკში ტანს აიყრიდა. თუ არა და ტანმორჩილს პროფესიულ სპორტში გაუჭირდებოდა.

„მიოლდეში” მუშაობის წლებში ოლე გუნარ სულშერმა ინგლისურ ჟურნალ FourFourTwo-ს უთხრა: „რვიდან ათ წლამდე ჭიდაობაზე დავდიოდი, ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო ბავშვთა მწვრთნელიც მავარჯიშებდა, მაგრამ ისეთი კაფანდარა ვიყავი, რომ სულ აქეთ-იქით მაბურთავებდნენ, თავბრუ მეხვეოდა და თავის ტკივილები მეწყებოდა. მოკლედ, ეს ჩემი საქმე აშკარად არ იყო”.

წილი
წინა სტატიადიეგო სიმეონე საუკეთესოა
შემდეგი სტატიარონალდუს ჩემს გვერდით ვაყენებ
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...