ტაიფუნივით შეიჭრა მოიზეს კინი იტალიურ ფეხბურთში. 2000 წლის 28 თებერვალს კოტ დივუარული ფესვების მქონე ოჯახში დაბადებული მოიზესი 7 წლიდან „ტორინოს“ აკადემიაში ბურთაობდა, მაგრამ უკვე 10 წლისა „იუვეს“ სკაუტებმა შენიშნეს და ხელიდან აღარ გაუშვიათ. ჯოვანისსიმო და ალიევე – ასე ჰქვია ორ იუნიორულ დონეს იტალიაში, სადაც მოიზესმა 30 შეხვედრაში 25 გოლი გაიტანა. მეტი რაღა კომპლიმენტი ვთქვათ, როცა მისი აგენტი ყოვლისშემძლე მინო რაიოლა გახდა.
„ერთხელ, დილის ექვსის ნახევარზე სამსახურში მივდიოდი და მოიზესმა დამირეკა: დედა, შენ აღარასოდეს იმუშავებ! „იუვესთან“ კონტრაქტი გავაფორმე და ჩემთან ერთად ტურინში მოდიხარ! ეს ზღაპარი იყო. „იუვემ“ მას განათლებაც მისცა და სპორტული წარმატებაც.
მერე? მერე დიდი ფეხბურთი დაიწყო: 2016 წლის 19 ნოემბერს მოიზეს კინმა საფინალო სასტვენამდე 6 წუთით ადრე მარიო მანჯუკიჩი მაშინ შეცვალა, როცა „პესკარას“ 3:0 უგებდნენ. მოიზესი შეიქნა ყველაზე ახალგაზრდა, ვინც ამ გუნდის მაისურით მოედანზე გასულა. მერე ცოტა ხნით „ვერონაში“ გაანათხოვრეს და ოთხი გოლი რომ გაიტანა, უმალ უკან დაიბრუნეს.
2019 წლის სტარტზე „ბოლონიასთან“ სათასო მატჩში კინს სასტარტოში ადგილი ანდეს. ყმაწვილმა უმალ გოლი გაიტანა! მერე ერთ მთელ მატჩს ენდნენ და მთლად დუბლი გაჩარხა! ბუნებრივია, ეს ბრილიანტი იტალიის ნაკრების მწვრთნელ რობერტო მანჩინის არ გამორჩენია და სკუადრა აძურაში უხმო.
კინის დებიუტი ფინეთთან შედგა, სადაც ჩირო იმნობილეს პასით გოლი შეაგდო – ბოლო სამოცი წელია, ამ ასაკში იტალიის ნაკრების სახელით გოლი არავის გაუტანია. რა გასაკვირი იყო, რომ სამი დღის შემდეგ მანჩინიმ ლიხტენშთანთანაც ათამაშა და მოიზესმა ახლა კუალიარელას პასით გაიტანა.
მოიზეს კინი უკვე ვარსკვლავია და უამრავი მსურველი ჰყავს. „მილანი” სულაც გიჟურ თანხებზეა თანახმა, მაგრამ მოიზესი არსად წავა!