„რეალი” „მანჩესტერ იუნაიტედის” ვარსკვლავის პოლ პოგბას შესაძენად დიდძალი თანხის გაღებას აპირებს. ერთი კვირის წინ თავად 26 წლის ფრანგსაც წამოცდა, „რეალი” ყველასთვის ოცნების გუნდიაო. თუმცა, წამოცდა თუ განზრახ თქვა მოდი და გაიგე.
პრეს-კონფერენცია, რომელზეც პოგბამ ეს სიტყვები თქვა და ზედაც დასძინა, ადრე თუ გვიან ზინედინ ზიდანის ხელმძღვანელობით მუშაობაზე ვოცნებობო, საფრანგეთის ნაკრების მოწყობილი გახლდათ. ანუ, ამ ფრიად მგრძნობიარე თემას ნახევარმცველი „მანჩესტერ იუნაიტედის” ბანაკში ყოფნის დროს არ შეხებია. ნაკრებში რომ წავიდა, მერე ილაპარაკა.
„რეალს” პოლ პოგბას შეძენა 2016 წელსაც უნდოდა, როდესაც ფრანგი „იუვენტუსიდან” 86 მილიონ გირვანქად დაბრუნდა „ოლდ ტრეფორდზე”. მაშინ მან მადრიდელები უარით გაისტუმრა, მაგრამ „რეალის” თავკაცმა ზინედინ ზიდანმა უთხრა, რომ ადრე თუ გვიან კვლავ შესთავაზებდა მასთან გადაბარგებას.
ინგლისური პრესა წერს, რომ დღეს პოგბა „იუნაიტედში” თავს კომფორტულად გრძნობს, ოღონდ ისიც ცხადია, რომ სამუდამოდ პრემიერლიგაში დარჩენას არ აპირებს. თუკი ამ ზაფხულს მადრიდელები ფრანგის ყიდვას გადაწყვეტენ, მათ მანჩესტერელებისთვის უზარმაზარი თანხის, 125 მილიონი გირვანქის გადახდა მოუწევთ და არიან კიდეც ამაზე წამსვლელები.
„მანჩესტერ იუნაიტედის” ინკოგნიტო თანამშრომელმა თქვა: „2016-ში, სანამ პოლმა ჩვენთან ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერა, ზიდანს უკან არ დაუხევია. სულ ბოლო წამსაც კი დაურეკა მას და გადაფიქრება სთხოვა. ჩვენ ვიცოდით, რომ პოგბას „ოლდ ტრეფორდზე” უნდოდა დაბრუნება, მაგრამ იმასაც ვგრძნობდით, რომ ზიდანი ჩრდილივით დასდევდა. და როდესაც ერთი კვირის წინ პოლმა განაცხადა ზიდანის ხელმძღვანელობით სიამოვნებით ვითამაშებდიო, სამი წლის წინანდელი ამბავი ხელახლა ამოტივტივდა გონებაში”.