ორი წლის წინ „ბაიერნის“ შეფი ული ჰიონესი სასტიკად აკრიტიკებდა თანამედროვე სატრანსფერო პოლიტიკას – ფეარ ფლეის არ მწამს და ყველამ ისწავლა თამაშის წესებისთვის გვერდის ავლაო. როგორც ჩანს, ჰიონესსაც მობეზრდა ქარის წისქვილებთან ბრძოლა და გერმანულმა გრანდმა ზამთარშივე დააანონსა, მომავალ სატრანფერო კამპანიას 200 მილიონი ევროთი ვხვდებითო…

და აჰა, პირველი ტრანსფერიც გაცხადდა: „ბაიერნმა“ 80 მილიონ ევროდ მადრიდის „ატლეტიკოდან“ 23 წლის ფრანგი მცველი ლუკა ერნანდესი წაიყვანა. ერნანდესის კონტრაქტი 5-წლიანია, ძალაში 1 ივლისს შედის და ფრანგი წლიურად 13 მილიონ ევრომდე ჯამაგირს მიიღებს. ამით ერნანდესი გერმანიაში ერთ-ერთ მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად იქცევა.

ტრანსფერი „ბაიერნისთვის“ სარეკორდოა. აქამდე კლუბის ყველაზე ძვირი შენაძენი 2017 წელს „ლიონიდან“ 41,5 მილიონ ევროდ წამოყვანილი კორენტინ ტოლისო იყო.

ახლა იმ კლუბებს შეგახსენებთ, ვისაც ერთ სატრანსფერო სეზონზე 200 მილიონ ევროზე მეტი დაუხარჯავთ და თავად განსაჯეთ, არის თუ არა ხარჯი და წარმატება პირდაპირპროპორციული: პსჟ (2017)-283 მლნ. ევრო; იუვენტუსი (2018)-261 მლნ; რეალი (2009)-258 მლნ; სიტი (2017)-248 მლნ; ბარსელონა (2017)-212 მლნ; სიტი (2015)-207 მლნ; ჩელსი (2017)-205 მლნ.

წილი
წინა სტატიაოქრო ხარ, ოქრო!
შემდეგი სტატიაარ დაანგრიოთ სან სირო!
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".