ჯერ რა დროს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაა და საგიჟეთი უკვე დაიწყო. ევროპის უბობოლესმა კლუბებმა 80-100 მილიონიანი ტრანსფერებით მოთელვასავით გაიარეს და, აჰა: მადრიდის „რეალში“ ზინედინ ზიდანის დაბრუნებისას ერთ-ერთ მთავარ პირობად სუპერტრანსფერები დაითქვა.
ფლორენტინო პერესმა ფრანგ მწვრთნელს დასტური კი მისცა, მაგრამ ასეთ დაქუხებას მაინც არავინ ელოდა: სამიზნე – კილიან მბაპე! თანხა – 280 მილიონი ევრო!!!
ამ თანხად პარიზიდან მადრიდში ერთი ფეხბურთელის პორტირება კი არა, მთელი გუნდის მთვარეზე გაგზავნაა შესაძლებელი. არ ვაჭარბებთ: კოსმოსური ტურიზმი 20 მილიონი დოლარი ღირს და გაიაფების ტენდენციაც შეინიშნება. სერიოზულად კი, ამ ინფორმაციას „ფრანს ფუტბოლი“ ავრცელებს.
ოფიციალური შეთავაზება უახლოეს პერიოდში გაკეთდებაო. რას უპასუხებს პსჟ? დაბეჯითებით თქმა ჭირს, მაგრამ მბაპეთი თუ უმისოდ, არ ჰგავს ეს გუნდი ჩემპიონთა ლიგის მომგებს, დასახელებული თანხა კი მეტისმეტად მაცდურია.