თითქოს მოულოდნელი არაფერი ყოფილა. უფრო ძლიერმა შვეიცარიამ შედარებით სუსტ საქართველოს მოუგო. საკუთრივ თამაშის სიუჟეტიც ისეთი იყო, ძალიან, ძალიან ბევრჯერ რომ გვინახავს. ბიჭებს თავი არ დაუზოგავთ, მაგრამ მეტოქემ პირველ ტაიმში მასპინძლები შეაფასა, შესვენების შემდეგ კი ისეთი დასცხო, მტრისას…
თითქოსო – ზემოთ ვთქვით და, ეს იმიტომ, რომ ამ შესარჩევის დასაწყისი, არც ერთ წინამორბედს ჰგავდა. შარშანდელმა წაუგებელმა წელწადმა და ერთა ლიგაში წარმატებამ ჩვენს ეროვნულ გუნდზე სხვაგვარად შეგვახედა. მართალია, მოწინააღმდეგეები სულ სხვა კლასის იყვნენ, მაგრამ მაინც დიდი მიღწევა გახლდათ.
ყაზახეთთან ბოლო მატჩის შემდეგ სტადიონიდან მომავალი ბევრი ადამიანი გულწრფელად ბედნიერი იყო. ეს ამბავი არასოდეს დამავიწყდება – ადამიანებმა საკუთარი ეროვნული გუნდისა ირწმუნეს. მერე ფეხბურთელებმაც თქვეს: ძველებურად საქმე აღარ იქნება, საკუთარ თავში მეტად დავრწმუნდით და აწი მინდორზე სხვა განწყობით გავალთო.
მაგრამ შვეიცარიასთან ცოტა ძველებურად შეშინებულები მეჩვენნენ. სტუმრებმა ჯიქურ შეუტიეს და „ჯვაროსნები“ ამან უფრო მეტად გამოიყვანა კომფორტის ზონიდან.
პირველ ტაიმში ჩვენები კიდევ რაღაცას ახერხებდნენ, მაგრამ შესვენების შემდეგ შვეიცარიელები მოედნის სრული ბატონ-პატრონები გახდნენ და ორჯერ, სამჯერ მეტი რომ არ გაგვიტანეს, ღმერთს, იღბალს და ლორიას უნდა ვუმადლოდეთ.
განსაკუთრებით პირველი გოლის შემდეგ აირია ვაისის სამწყსო. ორივე გოლისას დაცვა დაცვას არ ჰგავდა. შესაძლოა, ეს იმის ბრალიც იყო, რომ მასპინძლები მკაცრი პრესინგის თამაშს ცდილობდნენ და დაცვაში ზონები ერთთავად ცარიელი რჩებოდათ. დაზღვევაშიც მოიკოჭლებდნენ.
მთელი თამაშის განმავლობაში კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყეს (პირველი ტაიმის ბოლოს, საჯარიმოს სიახლოვეს, ყაზაიშვილმა უხეიროდ დაჰკრა ბურთს ფეხი), შვეიცარიელებმა 7-ჯერ. მათი ბურთის ფლობის პროცენტი 61 იყო, ქართველებისა – 39.
არა, ჩვენს ფეხბურთლებზე აუგს ნამდვილად ვერ ვიტყვით. იბრძოლეს ბიჭებმა, გაიღეს რაც შეეძლოთ. შვეიცარიასთან ჩვენ კი არა, აგერ, ბელგიელებმა 2:5, ისლანდიელებმა კი 0:6 წააგეს. ევროპაში მათებრ დაბალანსებული ნაკრებიც ხომ ბევრი არ არის. ბუნდესლიგის, პრემიერლიგისა და სერია A-ს წარმომდგენლები თამაშობენ.
ჩვენები კი…
მაგრამ სიუჟეტი რომ იგივე იყო, რაც წინათ… აქ შეიძლება ისიც ვთქვათ, პეტკოვიჩმა ვაისს ტაქტიკურად აჯობაო. მაგრამ, მაინც…
საქართველო 0:2 შვეიცარია
ევრო 2020. თბილისი. „დინამო არენა.“
0:1 ცუბერი (56), 0:2 ზაკარია (80)
საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, კაშია, ტაბიძე (კვირკველია 60), გვილია, კვეკვესკირი, კანკავა, ყაზაიშვილი, ანანიძე (კაჭარავა 84), ქვილითაია (ლობჟანიძე 74)
მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი
შვეიცარია: სომერი, ლიხტშტაინერი, აკანჯი, ემბოლო (სტეფენი 84), ფროილერი (სოუ 90), ჯაკა, როდრიგესი, ცუბერი, შერი, ზაკარია, გავრანოვიჩი (აიეტი 60)
მწვრთნელი: ვლადიმირ პეტკოვიჩი
მსაჯი:კრეიგ პოუსონი (ინგლისი)
გაფრთხილება: კანკავა (70), ხოჭოლავა (76), გვილია (90+2); ჯაკა (89)