ნუნო ესპირიტო სანტო

„სანმა” ექსკლუზიურად შეიტყო, რომ „ჩელსიში” მაურიციო სარის შემცვლელის ერთ-ერთ ვარიანტად „ვულვერჰემპტონის” თავკაც ნუნო ესპირიტოს განიხილავენ. არის კიდევ ერთი კანდიდატი — „სტემფორდ ბრიჯის” ყოფილი ვარსკვლავი ფრენკ ლამპარდი.

ამ ორი მწვრთნელის აქციებმა მას მერე აიწია, რაც რომან აბრამოვიჩის ყველაზე სასურველი კანდიდატი ზინედინ ზიდანი „რეალს” ჩაუდგა სათავეში.

აბრამოვიჩი ვახსენეთ და ცნობილია, რომ რუს ოლიგარქს სარის გაშვება სეზონის ბოლომდე არ სურს, მაგრამ მოვლენები ისე ვითარდება, რომ იტალიელს შეიძლება მართლაც მოუხდეს სამსახურის დატოვება.

გულშემატკივრები სარის წინააღმდეგ ფეხბურთის ასოციაციის თასზე „მანჩესტერ იუნაიტედთან” დამარცხების შემდეგ აჯანყდნენ და არ არის გამორიცხული, რომ ამიერიდან საშინაო მატჩებს ბოიკოტიც კი გამოუცხადონ.

მეორე მხრივ, კლუბის ხელმძღვანელობას თავისი არგუმენტები აქვს: გუნდი ევროლიგის მეოთხედფინალშია, სადაც პრაღის „სლავიას” ხვდება და ჯერჯერობით პრემიერლიგის ოთხეულში მოსახვედრადაც იბრძვის.

ნუნო ესპირიტომ აბრამოვიჩის ყურადღება მას მერე მიიპყრო, რაც „ვულვერჰემპტონი” პრემიერლიგიაში დაბრუნების პირველივე სეზონში მეშვიდე ადგილზე გაიყვანა და ფეხბურთის ასოციაციის თასის ნახევარფინალში ათამაშა. ნუნო 45 წლისაა, პორტუგალიელია და ფეხბურთელობისას მეკარე იყო — 2005-06 წლებში, 11 შეხვედრაში მოსკოვის „დინამოს” კარსაც კი იცავდა.

„ჩელსის” ქომაგთა ფავორიტი კი რასაკვირველია 40 წლის ფრენკ ლამპარდი იქნება, განსაკუთრებით თუ ის დამხმარედ „ლურჯების” კიდევ ერთ ყოფილ ფეხბურთელს (1996-2003) ჯოდი მორისს აიყვანს.