ჟოზე მოურინიუს დროინდელი „ჩელსისა” და „ბარსელონას” 2006 წლის დაპირისპირების ამბებზე გუშინ მოგახსენებდით. ვწერდით იმის შესახებ, რომ ინგლისელმა ჟურნალისტებმა იპოვეს ჟოზე მოურინიუს ოფიციალური დავთარი, სადაც „განსაკუთრებულს” ჩამოყალიბებული ჰქონდა თავისი მოსაზრებები „ბლაუგრანას” მოთამაშეების შესახებ. დღეს, იმავე დავთრის ამბავს სხვა გაგრძელება მოყვა — პორტუგალიელს უწევს მტკიცება, რომ თავისი ფეხბურთელებისთვის ლეო მესის „ჩეხვა” დავალებული არ ჰქონდა.

სოციალურ ქსელებში, უფრო ზუსტად კი Performance Analysis in Action-ის „ტვიტერზე” გამოქვეყნდა ტაქტიკური ანალიზი, რომელიც თითქოსდა ზემოხსენებული მერვედფინალური დუელის წინ მოურინიუს და მისი ასისტენტის ანდრე ვილაშ-ბოაშის მიერ არის შედგენილი. ამ ანალიზში ხაზი აქვს გასმული, რომ „ჩელსისთვის” განსაკუთრებულ ხიფათს იმხანად თინეიჯერი ლეო მესი და მისი ბრაზილიელი თანაგუნდელი რონალდინიო წარმოადგენენ.

ამ ჩანაწერის ნაწილი გუშინ მოგახსენეთ. მასში დახასიათებულები იყვნენ კარლეს პუიოლი, რონალდინიო, ანდრეს ინიესტა და მესი. დღეს ახალი პარტია გასაჯაროვდა: ჩანაწერში წერია, რომ ბარსელონელები მსაჯისთვის ჯარიმებისა და პენალტების გამოტყუების მიზნით გაუთავებლად მიმართავენ სიმულაციას, რასაც „ჩელსის” ფეხბურთელები ძალიან უნდა უფრთხილდნენ.

ბრაზილიელ სილვინიოზე კი თურმე მოკლედ ეწერა, დაცვის შესახებ წარმოდგენა არ აქვსო, არადა სილვინიო მარცხენა მცველი გახლდათ და ისეთ გუნდებში თამაშობდა როგორებიც იყვნენ „არსენალი”, „მანჩესტერ სიტი”, „სელტა” და კორინთიანსი”.

დაპირისპირება, რომელზეც ორი დღეა ვლაპარაკობთ „სტემფორდ ბრიჯზე” „ბარსამ” მოიგო 2:1, „კამპ ნოუზე” კი ფრე იყო, 1:1.

ჩემპიონთა ლიგის იმ გათამაშებაში „ბლაუგრანა” ფინალში გავიდა („ჩელსის” მერე გასცდა „ბენფიკას” და „მილანს”), სადაც „არსენალს” 2:1 მოუგო და თასი აღმართა.

მოურინიუ კი უარყოფს, რომ გასაჯაროებულ ჩანაწერთან საერთოდ რაიმე შეხება აქვს. მან თქვა:

„ვწუხვარ, რომ ხალხს, ვინც ეს ცნობა გაავრცელა იმედი უნდა გავუცრუო, მაგრამ მე არაფერ შუაში ვერ. ჩანაწერები მე არ მეკუთვნის. ბოლო ჩანაწერი, რომელიც ცხოვრებაში გავაკეთე, შინ მაქვს. ეს 1999-2000 წლების სეზონში ბარსელონაში მოხდა. მაშინ ამ გუნდის მწვრთნელის ასისტენტი ვიყავი და რამდენიმე კოლეგასთან ერთად მწვრთნელისთვის მეტოქეთა თამაშის ანალიზის მიწოდებაზე ვიყავი პასუხისმგებელი. ხოლო მას მერე, რაც „ბენფიკაში” გადავედი, ოფიციალური ანგარიში აღარასდროს შემიდგენია. მხოლოდ მატჩის დაგეგმვასთან დაკავშირებულ მთავარ მოსაზრებებს თუ ჩავინიშნავ ხოლმე. ოფიციალურ ანალიზს კი აკეთებენ ასისტენტები და კომპიუტერული განყოფილების წარმომადგენლები, მაგრამ მე არასდროს”.