ლოზანის სპორტულმა არბირტრაჟმა ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ აპელაცია დააკმაყოფილა. პარიზელები ფინანსური ფეირ პლეის დარღვევის ფაქტზე უეფას მხრიდან გამოძიების განახლებას ასაჩივრებდნენ.
თავდაპირველად პროცედურა 2017 წლის სექტემბერში დაიწყო, რისი საბაბიც რამდენიმე უმსხვილესი ევროპული კლუბის მიმართვა გახდა. ისინი დაინტერესდნენ, რამდენად კანონიერი იყო ნეიმარის და კილიან მბაპეს ტრანსფერები.
შარშან ივნისში გამოძიება შეწყდა, თუმცა სექტემბერში უეფამ გამოაცხადა, რომ გამოძიება განახლდა. ახლა კი ლოზანის არბიტრაჟმა კლუბის მხარე დაიკავა და დაადგინა, რომ შარშან ივნისში მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა, უეფამ კი გამოძიების განახლებით თავისივე რეგლამენტი დაარღვია, რადგან არ ჰქონდა გადაწყვეტილების გადახედვის უფლება მისი გამოტანიდან 10-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ.
უეფას ფინანსური ფეირ პლეის წესი კლუბებს ავალდებულებს არ დახარჯონ იმაზე მეტი თანხა, ვიდრე მათი შემოსავალი ამის საშუალებას აძლევს.