ინგლისურმა „მირორმა” საიდანღაც ჟოზე მოურინიუს 2005-06 წლების სეზონის ჩანაწერები გამოჩხრიკა. მაშინ „განსაკუთრებული” „ჩელსის” თავკაცი იყო.

იმ სეზონში, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში დასავლეთ ლონდონელები „ბარსელონას” შეხვდნენ. „ბარსას” ფრანკ რაიკარდი ხელმძღვანელობდა. პირველი თამაში „სტემფორდ ბრიჯზე” „ბარსელონამ” მოიგო 2:1, საპასუხო კი „კამპ ნოუზე” 1:1 დასრულდა.

მოურინიუს ჩანაწერებიც ამ დაპირისპირების წინ არის გაკეთებული. მას „ბარსელონას” ფეხბურთელები ჰყავს დახასიათებული.

რონალდინიოზე მოურინიუ წერს, რომ ბრაზილიელს აქვს სუსტი მხარე: „დაცვაზე გადართვა უჭირს. საერთოდ დაცვით თამაშში მონაწილეობა არ ეხერხება. გარდა ამისა განუწყვეტლივ დაბლა ეცემა და სიმულიანტობს”.

პორტუგალიელის ჩანაწერებში სუსტი თვისებები „ბარსას” მაშინდელი კაპიტნის კარლეს პუიოლის გასწვრივაც წერია: „შეუპოვარია, მაგრამ ძალიან ემოციური. გიჟდება, როდესაც მსაჯი პირადად მას აჯარიმებს. პროვოკაციებზე მოთმინებას კარგავს. ორთაბრძოლებში ღონიერ სხეულს კარგად იყენებს, მაგრამ პოზიციურ თამაშში მოისუსტებს. შეტევაში თავდამსხმელივით ერთვება. როგორც ლიდერი თანაგუნდელებს ხშირად სწორად ვერ იყოლიებს. მაგალითად, ცდილობს ხელოვნური ოფსაიდის შექმნას მაშინ, როდესაც ეს შეუძლებელია”.

იმხანად 22 წლის ანდრეს ინიესტას შესახებ: „ძირითადად შეცვლაზე შეყავთ ხოლმე. ძალიან დინამიური ფეხბურთელია. ახასიათებს მოქმედების დიდი რადიუსი. სწრაფია მოძრაობაში და ბურთით თამაშში. ფლობს ფინტებს და ცრუმოძრაობებს”.

და ბოლოს, რა ეწერა ჟოზე მოურინიუს 19 წლის ლეო მესის შესახებ: „ტექნიკურია და სწრაფი, მაგრამ მეტისმეტად ცაციაა. აქვს ზუსტად ის თვისებები, რაც რონალდინიოს. ხაზებს შორის ან დიაგონალზე ინსაიდის ფუნქციას ასრულებს. სწრაფი დრიბლიგით თანაგუნდელებს ამხნევებს და იყოლიებს. მეტოქესთან ერთი ერთზე საუცხოოა”.