ნაკაბი – ასე ეწოდება სუმოს ენაზე დღეს, როცა ბაშო ეკვატორს გადალახავს. ოსაკაში მერვე საშეჯიბრო დღეს მეხუთე გამარჯვება მოიპოვა ტოჩინოშინმა და ბალანსი 5:3 გაუხდა. ლევან გორგაძის მეტოქე დასავლეთის მეოთხე მაეგაშირა იტონოძიო იყო. 226-კილოგრამიანი მონღოლი აქამდე დაუმარცხებელი იყო და იოკოძუნა ჰაკუჰოსთან ერთად ლიდერობდა ბაშოს. ლევან გორგაძემ შეტაკებისას ნაბიჯი მარცხნივ გადადგა და ცაცია მეტოქის მავაშის ჩაავლო. რაც ამის შემდეგ მოხდა, იმავე სუმოს ენაზე იორიკირი ჰქვია. ქართველ ფალავანს სასურველი დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად დარჩენილ 7 შერკინებაში კიდევ 3 გამარჯვება სჭირდება. ამ გზაზე პირველი წინააღმდეგობა დასავლეთის მესამე მაეგაშირა სიოდაი იქნება. ტოჩინოშინს მასთან ჯერჯერობით უარყოფითი ბალანსი აქვს – 5:7.