რამდენიმე დღეში „მანჩესტერ სიტის” დასჯიან — ორი სატრანსფერო ფანჯრის გამოტოვება მოუწევს. ეს ცნობა ინგლისურმა პრესამ გაავრცელა.
ფიფამ გამოიძია და დარწმუნდა, რომ „ქალაქელთა” კლუბი, ისევე როგორც სხვა ადრე მხილებული კლუბები, წესებს არღვევდა და არასრულწლოვანების გადაბირებას ეწეოდა.
სავარაუდოდ, „სიტი” ისევე დაისჯება, როგორც თებერვალში დაისაჯა „ჩელსი”.
ფიფას მავანმა თანამშრომელმა „სანს” უთხრა: „ჩვენ „მანჩესტერ სიტის” საქმიანობას დიდი ხანია ვიძიებთ. ახლა ფიფაში მზადდება ისეთივე სანქცია და განცხადება, როგორც ორი-სამი კვირის წინ „ჩელსისთან” დაკავშირებით მივიღეთ. ეს სანქცია და განცხადება ძალიან მალე გახდება ცნობილი”.
ამბობენ იმასაც, რომ „სიტი” შეიძლება სხვებზე უფრო მკაცრადაც დაისაჯოს, რადგან მას ფიფამ ცალკე გამოძიება მიუძღვნა. საქმე ეხება განაში არსებულ აკადემიას, რომელსაც „ოცნების უფლება” ჰქვია და ამ აკადემიის ურთიერთობას ინგლისის ჩემპიონთან.
ორფანჯრიანი დისკვალიფიკაცია „ქალაქელთა” მწვრთნელ პეპ გვარდიოლას სულ მცირე 150 მილიონიან ვაჭრობას ჩაუშლის. გვარდიოლა ივლისში „ლესტერის” მარცხენა მცველის ბენ ჩილუელის ყიდვას აპირებდა. გარდა ამისა დაგეგმილი იყო ფერნანდინიოს შემცვლელის მოძიება. დღის წესრრიგში გახლდათ ცენტრალური მცველითა და თავდამსხმელით გაძლიერებაც.
ამ ეტაპზე „მანჩესტერ სიტიმ” კომენტარზე უარი თქვა.