წინადადება, რომელიც სათაურში გამოვიტანეთ „სანის” სტატიიდან ავიღეთ. ინგლისური გამოცემა ასე გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში რვა გუნდიდან ოთხი პრემიერლიგიდანაა.
გაზეთი იხსენებს, რომ ბოლო წლების გერმანულ პრესაში ხშირად მეორდებოდა ფრაზა: სულელური ინგლისური ფული. აქ ლაპარაკი იყო რუსულ, არაბულ თუ ამერიკულ ფულში ჩაქცეულ ინგლისურ კლუბებზე, რომლებიც ყიდულობდნენ და ყიდულობდნენ უცხოეთიდან, მათ შორის გერმანიიდან, მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს, მაგრამ ევროპულ ასპარეზზე ვერაფერს ხდებოდნენ.
დღეს ასე აღარ არისო, წერს „სანი”, ფულის ინგლისურად ხარჯვამ შედეგის მოტანა დაიწყოო და ამის დამამტკიცებელ საბუთად მიუნხენში „ლივერპულის” წუხანდელ გამარჯვებას ასახელებს — მერსისაიდელებმა „ალიანს არენაზე” 3:1 მოიგეს და გერმანული ფეხბურთის რეკორდმაისტერი ჩემპიონთა ლიგას გამოთიშეს.
მაშ ასე, „მანჩესტერ სიტიმ” გერმანიის წარმომადგენელ „შალკეს” ორი შეხვედრის ჯამში 10:2 მოუგო და ისე გავიდა მეოთხედფინალში; „ტოტენჰემ ჰოთსპურმა” გერმანულ „დორტმუნდს” ასევე ჯამში 4:0 აჯობა. „ლივერპულის” და „ბაიერნის” ამბავი ვთქვით. და მხოლოდ „მანჩესტერ იუნაიტედს” ჰყავდა არაგერმანელი მეტოქე. თუმცა, ის რაც „იუნაიტედმა” შეძლო ინგლისურ-გერმანულ ქიშპობაში გამარჯვებაზე არანაკლებ გემრიელი გამოდგა — „პარი სენ ჟერმენთან” შინ 0:2 წააგო, სტუმრად კი ეს ანგარიში შემოატრიალა (3:1) და „ჩაქცეულთა” შორის ერთ-ერთი ყველაზე „ჩაქცეული” პსჟ შეჯიბრებას გამოთიშა.
ძნელია, ინგლისური გამოცემის სიხარულს გადაჭარბებული უწოდო. აქვს საქმე გასახარად და უხარია. მეტიც, „სანმა” არც თავისი ქვეყნის პოლიტიკოსების კრიტიკა დაივიწყა და დაწერა, სანამ ეგენი ბრექსიტთან დაკავშირებით რაღაცას წვალობენ და თავს ირცხვენენ, ფეხბურთელები გვაჩვენებენ როგორ უნდა იქცეოდნენ ინგლისელები ევროპაშიო. გასაგებია, რაც იგულისხმა: ინგლისელები ევროპიდან კი არ უნდა გარბოდნენ, არამედ უნდა „იპყრობდნენ” და მართავდნენ „ბებერ კონტინენტს”.
და პოლიტიკური გადახვევა „სანმა” ირონიული წინადადებით დაასრულა: ბრექსიტის შემოქმედ პოლიტიკოსებს ახლა მხოლოდ ის დააწყნარებს, წილისყრა მეოთხედფინალში ორ ინგლისურ წყვილს თუ დასვამსო.
„ლივერპულის” მიუნხენურ გამარჯვებას კი დიდი საფეხბურთო-ისტორიული მნიშვნელობაც აქვს, რადგან აქამდე „ბაიერნი” მის მოედანზე მხოლოდ ორ ინგლისურ კლუბს დაუმარცხებია: „ჩელსის”, 2012 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში (ისიც პენალტებით) და… რატომღაც „ნორვიჩს”.
და მართალია ლეო მესი და კრიშტიანუ რონალდუ ჯერ კიდევ საქმეში არიან, „მოედნის მეორე ნახევარი” ასე თავისუფალი კარგა ხანია არ ყოფილაო, — წერს გამოცემა.