ზესტაფონის სპორტის სასახლეში დასრულდა საქართველოს ხელბურთელთა ჩემპიონატის დასავლეთის ზონის თამაშები — ბოლო დღეს ლიდერთა შეხვედრაში ბათუმის BSB-მ „ქუთაისს” ბოლო წამზე მოუგო: 33:32.
ეს გახლდათ შარშანდელ ფინალისტთა დრამატული დაპირისპირება. მიმდინარე ჩემპიონატში გუნდები მესამედ შეხვდნენ ერთმანეთს. პირველ მატჩში BSB-მ 34:31 მოიგო, მეორეში რიონისპირელებმა იძალეს 34:29, მესამე, ზესტაფონური შეხვედრა კი წინა ორზე დაძაბული გამოვიდა.
პირველი ტაიმი „შავი ზღვის ბიჭებმა” 19:12 მოიგეს, მაგრამ მეორე ტაიმში „ქუთაისმა” სხვაობა ჯერ ორ გოლამდე დაიყვანა, ხოლო როდესაც მესამე ორწუთიანი გაძევებისთვის „გაწითლებული” ბათუმელი სიმონიას გზას მსაჯმა ტალახაძეც გაუყენა, ქუთაისელებს ფრთები შეესხათ და ანგარიში გაქვითეს: 28:28.
შემდეგ, წინ „ქუთაისი” გავიდა: 30:29. ამ პერიოდისთვის, რიონისპირელებს ფსიქოლოგიური უპირატესობის გარდა რიცხობრივიც მიეცათ — BSB-ს ორი კაცი ჰყავდა გაძევებული („გაწითლებულებს” არ ვგულისხმობთ, ორწუთიანებზეა ლაპარაკი) და ოთხი მოთამაშით უტევდა, მაგრამ სურათი მაინც ბათუმელთა სასარგებლოდ შეიცვალა, რადგან მალე ორი კაცი „ქუთაისსაც” გაუძევეს.
ბოლო წამისთვის ანგარიში იყო 32:32, როდესაც ზურაბ აბრამიშვილმა ფაქტობრივად საფინალო სირენასთან ერთად გაიტანა და ცხრილში თავისი გუნდის პირველობა განამტკიცა.
აუტსაიდერების, წყალტუბოს „პრომეთესა” და „სამტრედიას” შეხვედრაში კი ცოტა გოლი გავიდა: 20:14. ამრიგად, წყალტუბომ კონკურენტს ცხრილში ადგილი გაუცვალა.
დღეს, თბილისის სპორტის სასახლეში აღმოსავლეთის ოთხეულის წრე იწყება, 1 აპრილიდან კი დასავლეთის და აღმოსავლეთის გუნდები ჯვარედინად შეხვდებიან ერთმანეთს.
საბოლოოდ, გამოვლინდება ფინალური ოთხეული. გაიმართება ნახევარფინალები და ფინალი, რომელიც 15 მაისსაა დანიშნული.