სამი წლის წინ მოკრძალებულმა “ლესტერმა” პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე დიდი ზღაპარი აქცია რეალობად. ამან ქომაგების მადაც გაზარდა და ყოველ წელს ჩემპიონობი თუ არა, ექვსეულის ბინადრობის ამბიცია კი გაუჩინა. დრო გავიდა, გუნდმა დამრიგებლები გამოიცვალა, მაგრამ ისეთი აგრესია ქომაგების მხრიდან არავის გამოუწვევია, როგორიც კლოდ პიუელმა “მოახერხა”.

ფრანგის ხელში “ლესტერმა” მისთვის ჩვეული კონტრშეტევითი და სწრაფი ფეხბურთი ბურთის ფლობასა და პოზიციურ ჯაჯგურში გაცვალა. ეს ერთის მხრივ, მოსაწყენი იყო და მეორე მხრივ – უნაყოფო. ახალმა ტაქტიკამ ლამის უბურთოდ დატოვა ძირითადი მეგოლე ვარდი, რომელიც ლაღად თავისუფალ სივრცეში გრძნობს თავს. ჰოდა, ზედიზედ 7-მატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობა პიუელს დაემშვიდობა, კიდევ 48 საათის შემდეგ კი ახალი მთავარი მწვრთნელი წარადგინა – ბრენდან როჯერსი.

როჯერსს შეთავაზებაზე ბევრი არ უფიქრია და გლაზგოს “სელტიკს” საწრაფოდ დაემშვიდობა. პრემიერლიგაში დაბრუნების ხათრით “ლივერპულსა” და “სუონსიში” მუშაობით ცნობილმა ჩრდილოირლანდიელმა “სელტიკთან” ერთად მორიგი ჰეთ-თრიკის შესრულებაზე თქვა უარი.

ბრენდან როჯერსი და ჯეიმი ვარდი

ქომაგები განსაკუთრებული სითბოთი შეხვდნენ როჯერსის დანიშვნას. გაგიკვირდებათ და სასწაულს არც არავინ სთხოვს: წელს რაც არის, არის, მომავალი წლიდან კი ექვსეულისთვის ვიბრძოლოთ და ეგებ, რომელიმე თასსაც გამოვკრათ ხელიო. როჯერსის დებიუტი გასვლაზე “უოტერფორდთან” 1:2 მარცხით დასრულდა, არადა, გადამწყვეტი გოლი ბოლო წუთზე გაუშვეს. სამაგიეროდ, უკვე მომდევნო ტურში შინ 3:1 მოუგეს “ფულემს”. რაც მთავარია, ახალმა მწვრთნელმა საერთო ენა გამონახა გუნდის ლიდერებთან. მართალია, კაპიტნის სამკლავური შმეიხელს უკეთია, მაგრამ მოედანზე ნამდვილი ლიდერი ვარდია. “ის არ არის მხოლოდ მორბენალი, რომელიც შენს დავალებებს ასრულებს. ვარდი, მოაზროვნე ფეხბურთელია და მისი გამოცდილება ბოლომდე უნდა გამოვიყენოთ” – განაცხადა როჯერსმა.

ბოლო კვირებში პრემიერლიგის მთავარი ნიუსმეიკერი ოლე გუნარ სულშერი იყო და როჯერსის დანიშვნამ ცოტა უხმაუროდ ჩაიარა, მაგრამ ექსპერტებიც და ქომაგებიც “ლესტერში” მხიარული ფეხბურთის დაბრუნებას ელიან.

წილი
წინა სტატიავინ ვის რა და რატომ აჩვენა
შემდეგი სტატიავინ დაბლოკა მოურინიუ
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".