საჩოგბურთო ამქარმა ოკეანე გადალახა და ამერიკულ ინდიან უელსში დაბანაკდა.
მასტერსის სერიის ეს ტურნირი ATP-1000 კატეგორიისა. მასში 96 მამაკაცი მონაწილებს და საუკეთესო 32 პირდაპირ მეორე წრიდან ერთვება ასპარეზობაში.
ბუნებრივია, პრივილეგირებულთა შორისაა მსოფლიოს 18-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც მე-17 ნომრად განთესეს.
მეორე წრეში ნიკას მეტოქე ფრანგ ბენუა პაირესა და საკვალიფიკაციო ეტაპის ერთ-ერთი გამარჯვებულის შეხვედრაში გაირკვევა. 29 წლის ფრანგი ამჟამად რეიტინგში 69-ეა, თუმცა 2016 წელს მე-18 საფეხურამდეც აღზევებულა. 1/16-ფინალში გასვლის შემთხვევაში ნიკა 45 სარეიტინგო ქულას გამოიმუშავებს, დასაცავი კი ამ ტურნირზე მას არაფერი აქვს.
სამაგიეროდ, შარშანდელი ნახევარფინალისთვის მიღებული 360 ქულა აქვს დასაცავი ბორნა ჩორიჩს, რომელიც ჩვენებურს სავარაუდოდ, სწორედ 1/16-ფინალში გადაეყრება. ბასილაშვილს კარგი შანსი აქვს ტურნირზე მე-11 ნომრად განთესილ ჩორიჩზე შური იძიოს ერთი კვირის წინ დუბაიში განცდილი მარცხისათვის.
ამ ეტაპის გადალახვა უკვე 90 სარეიტინგო ქულად ფასობს. ტურნირს საპრიზო ფონდიც შესაფერისი აქვს – შარშანდელთან შედარებით 1 მილიონი დოლარით გაზრდილმა საპრიზომ 8 909 960 დოლარი შეადგინა.
ბასილაშვილმა მხოლოდ მონაწილეობით 25 000 უკვე ირგუნა, პირველი შეხვედრის მოგება კი 47 ათასს მოუტანს.