„მანჩესტერ იუნაიტედის“ და პსჟ-ს პირველი შეხვედრიდან თითქმის ერთი თვე გავიდა. რა შეიცვალა ამ ხნის განმავლობაში? პარიზელები საფრანგეთის ჩემპიონატში ნავარდობენ – დაამარცხეს „სენტ ეტიენი“, „მონპელიე“, „ნიმი“, „დიჟონი“ და „კანი“. სხვათა შორის, ეს ყველაფერი ნეიმარის გარეშე, რომელიც თან მკურნალობს და თან რიოს კარნავალზე ერთობა.
ცუდად არ მისდის საქმეები „მანჩესტერსაც“. თუმცა ისტორია გვასწავლის, რომ შიდა პირველობა ერთია და ჩემპიონთა ლიგა – მეორე.
ამასობაში კი მეტოქეთა სავარაუდო შემადგენლობებიც ვრცელდება. მაშ ასე:
პსჟ: ბუფონი, კერერი, ტიაგო სილვა, კიმპემბე, ბერნატი, ვერატი, მარკინიოსი, ნკუნკუ, დრაკსლერი, დი მარია, მბაპე.
მანჩესტერი: დე ხეა, იანგი, სმოლინგი, ლინდელეფი, შოუ, მაკტომინეი, ფრედი, დალოტი, პერეირა, რეშფორდი, ლუკაკუ.
შენიშნავდით, რომ პარიზელებს კვლავ არ აქვთ ნეიმარის იმედი, ისევ დაშავებულია ტომა მენიე, ხოლო ადრიენ რაბიო, კონტრაქტის გაგრძლებაზე უარის გამო შერისხულია.
თუმცა მცოდნე ხალხის ამბობს, კავანი შესაძლოა დაბრუნდეს და ეს ამბავი ზედ მატჩის დაწყების წინ გადაწყდებაო.
„მანჩესტერის“ სავარაუდო შემადგენლობაში კი, რაც თვალში მოგხვდებოდათ, ცხადია, პოგბას არყოფნაა. მოგეხსენებათ, პოგბა დისკვალიფიცირებულია და ეს „იუნაიტედისთვის“ დიდი დარტყმაა. სოლიდური კამპანიაა შეკრებილი „მანჩესტერის“ ლაზარეთშიც: ალექსის სანჩესი, მატეო დარმიანა, ხუიან მატა, ანდრეა ერერა, ჯესი ლინგარდი, ნემანია მატიჩი, ფილ ჯონსი. შესაძლოა, სამკურნალოდ იმაზე ძლიერი შემადგენლობაც იყოს გამწესებული, ვიდრე სულშერი დღეს მოედანზე გაიყვანს.
და მთავარი სირთულე „იუნაიტედისთვის: გუნდს პირველი მატჩი და თანაც სახლში 0:2 აქვს წაგებული.
მოკლედ „პორტუ“ – „რომას“ მატჩზეც ვთქვათ.
ორივე გუნდს გასულ უიქენდზე შიდა პირველობებში უპრივციპულესი შეხვედრები ჰქონდა და ორივე დამარცხდა.
„პორტუმ“ „ბენფიკასთან“ 1:2 დათმო და ეს წაგება ჩემპიონატში პირველი ადგილის დაკარგვად დაუჯდა. რომაულ დერბიში „ლაციოსთან“ დამარცხდა „რომაც“ – 0:3.
რომელი გუნდი უფრო დათრგუნა დედაქალაქურ დერბიში მარცხმა, სულ მალე გამოჩნდება. იქამდე კი გავიხსენოთ, რომ პირველი მატჩი „რომას“ მინიმალური სხვაობით – 2:1 აქვს მოგებული.