„რეალი“-„აიაქსის“ მატჩის საფინალო სასტვენი გაისმა და საფეხბურთო სამყარომ ინტერნეტის ქექვა დაიწყო: ვინ არის ერიკ ტენ ჰაგი, რომელმაც უწვერული ბიჭებით საქვეყნოდ მოჭრა თავი მადრიდის „რეალს“. თან სად? გადაჭედილ „სანტიაგო ბერნაბეუზე“.
ევროპისთვის ტენ ჰაგი ნაკლებად ცნობილი ფიგურა კია, მაგრამ ჰოლანდიაში კარგად უწყიან მისი შესაძლებლობები. ფეხბურთელობისას კარიერის დიდი ნაწილი ტენ ჰაგმა მოკრძალებულ „ტვენტეში“ გაატარა და 2006 წელს მწვრთნელის ასისტენტობით ახალი ეტაპიც იქვე დაიწყო. ორი წლის შემდეგ იმავე პოზიციაზე პსვ-ში გადაბარგდა, მთავარი მწვრთნელობა კი მხოლოდ 2012 წელს შესთავაზეს. შემთავაზებელი II დივიზიონის „იგლზი“ იყო – მაჩანჩალა, რომელსაც 17 წლის განმავლობაში ერედივიზიონი თვალით არ ენახა. მოულოდნელად, „იგლზი“ პირველსავე სეზონში ერედივიზიონში აღზევდა. ყველა ელოდა, რომ ტენ ჰაგი ახლა იქ მოახდენდა ფურორს, მაგრამ 2013-ში გუნდი დატოვა და… „ბაიერნში“ წავიდა.
გერმანულ სუპერკლუბში ახალგაზრდული გუნდი შექმნა და ჰოლანდიელს ჩააბარა. მათიას ზამერი წლების განმავლობაში სამწვრთნელო ფორუმებზე ხვდებოდა ტენ ჰაგს და აღფრთოვანებული იყო მისი პროფესიონალიზმით.
მეორე მხრივ, თავად ტენ ჰაგმაც აისრულა დიდი ხნის ოცნება: საშუალება მიეცა, გვარდიოლას არც ერთი ვარჯიში არ გაეცდინა. სიტყვაც კი რომ არ გამორჩენოდა, მუდმივად ბლოკნოტით ხელში იდგა მოედნის კიდეზე. ჰოლანდიელს აოცებდა, თუ რამხელა ყურადღებას უთმობდა გვარდიოლა თითოეულ წვრილმანს არამხოლოდ ვარჯიშზე ან თეორიულ მეცადინეობისას, არამედ ყოფით საკითხებშიც.
ორი წელი დაჰყო ტენ ჰაგმა „ბაიერნში“ და ორი წელი ითავისებდა პეპ გვარდიოლას საფეხბურთო ფილოსოფიას, მერე კი სამშობლოში დაბრუნდა და უღიმღამო „უტრეხტი“ ჩაიბარა.
ტენ ჰაგმა მწვრთნელობის პარალელურად სპორტული დირექტორის პოსტიც შეითავს და ნამდვილი რევოლუცია დაგეგმა: შეცვალა წვრთნის მეთოდიკა, დანერგა ხანგრძლივი თეორიული საუბრები, შეცვალა მენიუ, შეზღუდა ტელეფონებით სარგებლობა.
შედეგი? პირველივე სეზონში ტენ ჰაგმა ბიუჯეტით მე-13 კლუბი მე-5 ადგილზე და თასის ფინალში გაიყვანა. ტრიბუნებზე ქომაგი დაბრუნდა, სეზონის ბოლოს ტრანფერებით 10 მილიონი ევრო იშოვა, რაც „უტრეხტისთვის“ სარეკორდო მოსავალი იყო.
ტენ ჰაგი წლის მწვრთელად აღიარეს, რინუს მიხელსის სახელობის პრიზიც გადასცეს, ჟურნალისტებმა კი პეპ დე ჰაგი შეარქვეს ესპანელი მასწავლებლის ხაზგასასმელად.
ზოგჯერ წარმატებულ კარიერას იღბალიც განსაზღვრავს: მაშინ, როცა ტენ ჰაგი მწვერვალისკენ მიიწევდა, „აიაქსი“ სერიოზულ კრიზისში იყო. ზედიზედ 13 წლის განმავლობაში სუპერკლუბი ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში ვერ გადიოდა და საკვალიფიკაციო ეტაპიდანაც კი გავარდა.
2017 წლის დეკემბერში კლუბის გენდირექტორმა ედვინ ვან დერ სარმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო და მწვრთნელად ერიკ ტენ ჰაგს უხმო.
პირველი ექვსი თვე საშინელი აღმოჩნდა. მწვრთნელს ფეხბურთელებიც აუმხედრდნენ და ქომაგებმაც ობსტრუქცია მოუწყეს. არ დანებდა ტენ ჰაგი, დაამტკიცა, რომ ჩინებული ფსიქოლოგია, ყველა ფეხბურთელთან პერსონალურად იმუშავა და შედეგიც მოვიდა. ახლა უკვე ქომაგებიც აღმერთებენ. ხუმრობა საქმე ხომ არ არის: ერთ წელიწადში ამ თავნება ბიჭებისგან დიდებული გუნდი გამოძერწა, ლიგის ფლეი-ოფშიც გაიყვანა და „სანტიაგო ბერნაბეუც“ დალაშქრა.
დიდებული სანახავი იყო მადრიდში „აიაქსი„. დიდებული იყო ერიკ ტენ ჰაგი. თუმცა, „ბერნაბეუზე“ გვარდიოლას აჩრდილიც იგრძნობოდა…