ნორვეგია. 29 მაისი. „უელვაალი“. საღამოს 7 საათი. „ულევაალის“მინდორზე ქართველი ფეხბურთელები და მათი ჰოლანდიელი თავკაცი იოჰან ბოსკამპი ნორვეგიის ეროვნულ ნაკრებთან მატჩისთვის ემზადებიან. სკანდინავიელები თავს მაინცდამაინც არ იკლავენ ჩვენებურთა ვარჯიშის ხილვით. სტადიონზე მომსახურე პერსონალი და ორიოდ ცნობისმოყვარეა. დანარჩენები სულ ქართველები ვართ – ჟურნალისტები, ფედერაციის მოხელეები და დავით ყიფიანი. ყიფიანი მწვრთნელთა სკამზე ზის და ფიქრიანად მისჩერებია ბოსკამპისეულ ვარჯიშებს.

იქ კი მინდორზე ვარჯიშზე მეტად მოთელვაა. მსუბუქი, საქმიანი. ეს ბოსკამპის პირველი მატჩია საქართველოს ნაკრების თავკაცის პოსტზე. ისე ეტყობა, სიამოვნებს ჰოლანდიელს ქართველ ფეხბურთელებთან მუშაობა: ლევან კობიაშვილი, თემურ ქეცბაია, გიორგი ნემსაძე… მარტო კახა კალაძე რად ღირს, ბოლოს და ბოლოს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისტია კაცი! მოედანზე ადვილად ირჩევა კალაძე სხვებისგან. ზორბაა, ჯანიანი, დაკუნთული და „მოჭიდავე“. მოგვიანებით, ნორვეგიელებთან მატჩის შემდეგ იტყვის კიდეც ბოსკამპი, თანამედროვე ფეხბურთში ხისტი, ძალისმიერი ფეხბურთელებია საჭიროო…

არადა, იყო დრო, როცა კალაძე, როგორც ფეხბურთელი, დაიწუნეს. ეს ცოტა კატეგორიული პოზიცია კია, მაგრამ „სადღაც, რაღაცაში“ ასეა. დაიწუნეს სამტრედიაში, მაგრამ ცოტა ხანში ყიფიანისეულ დინამოში აღმოჩნდა. აქედან გამომდინარე, კანონზომიერია ჩემი კითხვაც, იქ, ულევაალზე დავით ყიფიანს რომ დავუსვი – კალაძე თქვენ დროს მოვიდა არა დინამოში? ყიფიანმა თავი დამიქნია და ნაკრების წევრების ყურება განაგრძო.

ყველა მწვრთნელი მის მიერ აღმოჩენილი ფეხბურთელებით იზომება. ძალიან ხშირად ახალგაზრდა ფეხბურთელებს უთვლიან ხოლმე დამრიგებელს, მაგრამ ისეც ხდება, მწვრთნელი „ბებერ ტალანტსაც“ გააცნობს მსოფლიოს და არც ეს არის ცუდი – პრეეტცი ან ბირჰოფი სიბერეში არ აღმოაჩინეს რიობერმა და ძაკერონიმ?

ამიტომ დღეს, როცა კახა კალაძეზე ვსაუბრობთ და მას თავისი თაობის ყველაზე ტიტულიან ფეხბურთელად ვთვლით (ფაქტები უეფას რეესტრშია), არც ყიფიანის დამსახურებაა დასაკარგი, კალაძე დინამოში მის დროს მოვიდა და ამით ყველაფერია ნათქვამი.

მაგრამ საქმეში უკეთ ჩახედულმა ხალხმა ისიც იცის, რომ კახა კალაძის ფეხბურთელობაში ყველაზე დიდი „ბრალი“ უფროს კარლოს (კახა უმცროსი კარლოა), მამამისს მიუძღვის. კარლო კალაძე-უფროსი ფეხბურთის ადმინისტრაციულ რაღაცებში გზაგაკვალული კაცია. საკმარისზე მეტად უყვარს ეს თამაში და რა გასაკვირი იყო, რომ თან გადაჰყვა შვილს და მანამ არ მოისვენა, სანამ ფეხბურთელად და კარგ ფეხბურთელადაც არ აქცია.

კალაძეს ცოტა შანსი ჰქონდა სამტრედიაში ფეხბურთელად ქცევისა. როგორც არ უნდა დააყენო საქმე ადგილზე, პროვინცია მაინც პროვინციაა. დიდი ეპოქა შექმნა გი რუმ ოსერში ოცდაათწლიანი მოღვაწეობის მანძილზე, მაგრამ სხვაა პსჟ და სხვაა ოსერი. დაახლოებით ამგვარი სიტუაციაა ჩვენშიც – იმ ხანებში სამტრედია უძლიერესი იყო საქართველოში, მაგრამ დინამო…

ჰოდა, მოხვდა კალაძე დინამოში. ეს ის პერიოდია, როცა თაობათა ცვლაა კარზე მომდგარი. არველაძეებმა, ქინქლაძემ, ნემსაძემ და სხვა მათი თაობის წარმომადგენლებმა ან უკვე მიაშურეს უცხოეთს, ანაც აპირებდნენ. დადგა კალაძის და მისი თაობის ჯერი. მიუხედავად მეტად ახალგაზრდული (უფრო ბავშვური) ასაკისა, ისინი ნელ-ნელა ეჩვევიან დინამოს ძირითადს, აღარც ჩემპიონის თეთრ-ლურჯი ფორმა ეუცხოვებათ ბიჭებს და კალაძეც თავის სტიქიაშია.

კალაძე და მისი თაობა ფეხბურთელად საქართველოში რომ ჩამოყალიბებულიყო, ვერც ერთი მათგანი მაღალ დონეზე ვერ ითამაშებდა. პოლიტიკა და სიდუხჭირე უკვე საფუძვლიანად ითრევდა ქართულ სპორტს ჭაობში და რა ოსტატობაზე და მის ამაღლებაზე იყო ლაპარაკი. საქართველოს ჩემპიონატს ჩაშლის საფრთხე ემუქრებოდა, დინამო კი ასტრონომიული ანგარიშით უგებდა სხვა გუნდებს. ვერავინ იტყვის, კალაძეს და მის თაობას ამდენმა მოგებებმა თავბრუ დაახვიაო, მაგრამ მეტად და მეტად მდარე დონის ქართულ გუნდებთან თამაშს აბა, რა ხეირი უნდა დაეყარა ბიჭებისთვის? უკვე მაშინ დაიწყეს საზღვარგარეთ თამაშის გაგრძელებაზე ფიქრი ქართველებმა და ცოტა ხანში პირველი სოლიდური „ქართული ტალღაც“ მიაწყდა საფეხბურთო ევროპას.

კახა ფეხის ხმას არ აჰყოლია. იგი აგრძელებდა დინამოში თამაშს და ნელა, მაგრამ მაინც იმაღლებდა სათამაშო დონეს. გუცაევისეული ახალგაზრდული ნაკრები უკვე სერიოზული აღიარება იყო მისი, როგორც ფეხბურთელის პროგრესისა. და აქ, ამ აღიარების მერე, საქმეში ერევა ნებისმიერი ფეხბურთელისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი – მისი უდიდებულესობა საფეხბურთო იღბალი. კარგად დააკვირდით, ამ მომენტიდან კალაძე-ფეხბურთელის კარიერას მთლიანად იღბალი განსაზღვრავს.

მაშ ასე: მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფის მატჩი. 1997 წლის 9 ოქტომბერი: საქართველო-იტალია. დავით ყიფიანმა ოციოდე წლის კახა კალაძე ეროვნული ნაკრების სათადარიგოთა შორის გაამწესა. ეს ის დროა, როცა ქართველებს ჯგუფიდან გასვლის შანსი კარგა ხნის დაკარგული აქვთ. ეს ის დროა, როდესაც პროექტშია ახალი მწვრთნელის მიერ ახალი ნაკრების შეკვრა. ეს ის დროა, როცა გუცაევის ნაკრებიდან უნდა მოვიდეს სოლიდური შევსება.

მატჩის წინა დღეს ქართველმა ახალგაზრდებმა 2:0 მოუგეს იტალიელებს და საყოველთაო განწყობილება მეტი რომ არ შეიძლება, ისეა ზეაწეული. ყველაფერს იტალიელთა ქედმაღლობაც დაემატა. მათი მოგება და ამაზე წინასწარ ლაპარაკი აბა, ვის გაუკვირდებოდა იმ დროს, მაგრამ ლაპარაკსაც გააჩნია. იტალიელთა ბაქიობამ (წინა საკვალიფიკაციოში ბულგარელებისა არ იყოს) მთელი საფეხბურთო საქართველო გააღიზიანა.

დაიწყო მატჩი და კალაძისთვის იღბლიანი ნიუანსებიც წუთებივით წაეწყო ერთმანეთს. აქ ცოტა უხერხულიც კია იღბალზე ლაპარაკი, რადგან დაიმტვრა ცხადაძე და კალაძეც ამის შემდეგღა შეუშვეს მინდორზე. ცხოვრება ასეთია, ერთი ადის, მეორე ჩადის და სწორედ ცხადაძის უიღბლობა (ტრავმა) გახდა კალაძის იღბლიანობის დასაწყისი. ის თამაში საერთოდ იღბლიანად წარიმართა – იტალიელებმა ვერ შეასრულეს დანაქადები, ვერ მოუგეს ჩვენს ნაკრებს და ეროვნული სტადიონის ტრიბუნებიც აფეთქებულს დაემსგავსა – ხუმრობა საქმე იყო? ქართველმა მცველებმა ბაჯოს, ძოლას, მალდინის და სხვათა ოსტატობას ქედი არ მოუხარეს.

იღბალი იყო ერთიც – ის თამაში ერთმა ბრძენმა საფეხბურთო კაცმაც იხილა. ის კაცი ვალერი ლობანოვსკი იყო და…

კალაძის კიევის დინამოში გადაყვანა დროის და ტექნიკის საქმე იყო. შედგა ეს წყნარი ტრანსფერი და 20 წლის კალაძე უკრაინულ გრანდში აღმოჩნდა. მოგვიანებით, „რეალი“-„დინამოს“ ჩემპიონთალიგური მეოთხედფინალის წინ კალაძე ღიმილით ეტყვის „სარბიელს“: „საქართველოში ერთ-ერთ ფიზიკურად ძლიერ ფეხბურთელად ვითვლებოდი და როდესაც მეუბნებოდნენ ლობანოვსკის ვარჯიშებზე, არაფრის მეშინოდა. ვფიქრობდი, ისეთი რა ვარჯიშებია, რომ ვერ გავუძლო-მეთქი. ჩავედი კიევში და… პირველ ხანებში შუა ვარჯიშზე ვეცემოდი. ყოფილა შემთხვევები, როცა ხელით ავყავდი ოთახში. მერე და მერე დატვირთვებს შევეჩვიე და ახლა შემიძლია ზედიზედ ოთხი ტაიმის ვირბინო“.

ზემოთ ვთქვით, რომ კალაძის თბილისის დინამოდან კიევისაში გადასვლა დროის და ტექნიკის საქმე იყო. მას შემდეგ, რაც კახა კიევში დაიტოვეს, მისი ფეხბურთელად ჩამოყალიბებაც ზუსტად ასევე დროზე და ტექნიკაზე იყო დამოკიდებული. ცოტა გვიან კი აღიარებაც მოვიდა. კალაძემ ნელ-ნელა დაიმკვიდრა ადგილი კიევის დინამოს ძირითად შემადგენლობაში და მალე უკრაინელმა ფანებმა „პალოჩკა-ვირუჩალოჩკაც“ უწოდეს.

ყველასთვის ცნობილია, რომ ლობანოვსკი ფეხბურთელთა უნივერსალიზაციაზე ქადაგებდა ჯერ კიდევ საბჭოური ფეხბურთის ეპოქაში. მას შემდეგ თხუთმეტამდე წელი გავიდა და მსოფლიოც დაახლოებით ამგვარ ფეხბურთს თამაშობს – შეტევაც და დაცვაც ყველას უნდა შეეძლოს. საქართველოში კახა კალაძე ნომინალური მცველი იყო. უფრო ცენტრალურ მცველად ათამაშებდნენ. ლობანოვსკიმ კი მასში ახალი თვისებები აღმოაჩინა – კალაძემ კიევში ერთბაშად რამდენიმე ადგილზე ითამაშა. ცენტრალური მცველის გარდა მარცხენა ფლანგზეც დააყენეს, მერე საყრდენის პოზიციაზეც ათამაშეს, გოლების გატანაც ისწავლა და…

ასე იქცა კახა კალაძე უნივერსალური ყაიდის ფეხბურთელად.

ცალკე უნდა ითქვას მის იშვიათ, მაგრამ უმნიშვნელოვანეს გოლებზე. კალაძეს გატანილი აქვს გოლები „არსენალის“, „მილანის“, „ლანსის“ კარებში, ერთი ხანია, კიეველთა საჯარიმოებსაც ის ურტყამს და გადამწყვეტ მომენტებში შეტევაში ჩართვაც კაცური ისწავლა.

„მარიბორთან“ გასვლაზე აუცილებლად მოსაგებ მატჩში ერთხელაც გაიელვა კახამ. ის-ის იყო სლოვენიელებს დინამოსთვის ართმეული მორიგი ქულა უნდა ეზეიმათ, კიეველთა შეტევაში ჩაერთო კალაძე და სლოვენ მცველსაც სარმის მეტი აღარაფერი დარჩენოდა არსენალში. პენალტი და რებროვის გოლი მხოლოდ კარგი დასასრული იყო კალაძის დაწყებული შეტევისა.

ძნელი სათქმელია, გაიმეორებს თუ არა კიევის „დინამო“ შარშანდელ წარმატებას. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი კიევის „დინამოზე“ ძლიერი გუნდებისთვისაც კი ძნელად ხელმისაწვდომია, მაგრამ კალაძეს ამით არაფერი აკლდება. მას უკვე იცნობენ საფეხბურთო ევროპაში, მისი პერსონა და დონე ევროპელმა გრანდებმაც აღიარეს. საფეხბურთო პრესაში ერთი სეზონის წინ გაჩნდა ცნობები კალაძის „ლივერპულში“ (ან სხვა ინგლისურ კლუბში) შესაძლო გადასვლის შესახებ.

კიევის „დინამოს“ სატრანსფერო პოლიტიკა არ არის ნაჩქარევი. უკრაინელები 2-3 წლით წინ იხედებიან და ერთბაშად ყველა ფეხბურთელის გაყიდვაზეც, ნურას უკაცრავად, არ არიან ყაბულს. ეს თავად კალაძისთვისაც კარგადაა გასაგები. უცხოეთში შესაძლო წასვლაზე საუბარი რომ ჩამოვუგდეთ, ასე გვიპასუხა: „ვიცი, რომ დაინტერესდნენ ჩემით. ამაზე კიეველთა გუნდის ხელმღვანელებიც მესაუბრნენ. მითხრეს, რომ ჯერ ახალგაზრდა ვარ და უცხოეთში თამაშის დროც მოვა, არც მე მეჩქარება. ლობანოვსკისთან ჯერაც შეიძლება რაღაც-რაღაცები ვისწავლო. მერე კი წავალ“.

კარგია, როცა გუნდიც და ფეხბურთელიც გამიზნული სატრანსფერო პოლიტიკის მომხრენი არიან. ორი სეზონი იცადა კიევის „დინამომ“, ორი სეზონი იცადა „მილანმა“, ანდრე შევჩენკოს კლასი ამაღლდა თუ არა, არ დაცემულა ამ ორი სეზონის განმავლობაში და 25-მილიონიანი გარიგებაც შედგა. კმაყოფილია ფეხბურთელი, კმაყოფილი არიან კლუბები. შევჩენკოს გოლები ახლა „მილანისთვის“ გააქვს. მისი მაგალითი მისაბაძი და საუკეთესოა ყოფილი თანაგუნდელებისთვის.

სხვათა შორის, ანდრეი შევჩენკო და კახა კალაძე კარგი მეგობრები არიან. იმასაც ამბობენ, კალაძეც თავისი მეგობრის მსგავსად იტალიას მიაშურებსო. ვნახოთ, რა და როგორ იქნება, კახა კიევში დაბერებას ნამდვილად არ აპირებს და რომელ წამყვან საფეხბურთო ქვეყანაში ითამაშებს, ეს მისი გადასაწყვეტია.

წერილის ბოლოს კი მის ხასიათზეც – კალაძე გარკვეული და სტაბილური წარმატებების მიუხედავად, ძველებურად ჩუმია და გარკვეულწილად მოკრძალებულიც. იგი ისეთ ფეხბურთელთა კატეგორიას მიეკუთვნება, ვინც მაყურებელს არ აღიზიანებს არც ფეხბურთში და არც მის გარეთ. ასაკის მომატებასთან ერთად კახა ფიზიკურადაც შეიცვალა, მაგრამ ხასიათი ძველებური შერჩა (ტკბილეულიც ძველებურად უყვარს, სხვათა შორის).

რაც შეეხება საქართველოს და სანაკრებო კარიერას. ყველაფერი ისე ვითარდება, როგორ საშუალებასაც ქართული ფეხბურთი იძლევა. მე კი ისევ ნორვეგია, ამჯერად ფორნებუს აეროპორტი მიდგას თვალწინ. მორიგი წაგებით გულდამძიმებული კალაძე და მის სიტყვები: „მართალია წავაგეთ, მაგრამ ძლივს სანაკრებო სიტუაცია ნორმალურს დაემგვანა. ხელი შევუწყოთ ამ კაცს“.

ასეა, იგი არასდროს აკრიტიკებს მწვრთნელებს. დანარჩენი დრომ უნდა გვიჩვენოს, კლუბშიც და ნაკრებშიც.

30.10. 1999