მაურიციო სარის კვირას, „უემბლიზე” აჯანყებული კეპა არისაბალაგასთვის მაინც უთქვამს თავისი სათქმელი. თან ღრიალით. და მეკარის საქციელს სასჯელის გარეშე არ ჩაუვლია. არადა, იტალიელმა მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე ლამაზად ილაპარაკა, ყველაფერი გაუგებრობას დააბრალა.
შეგახსენებთ: „კარაბაოს თასის” ფინალში, დამატებითი დროის მიწურულს ანუ პენალტების სერიის წინ სარის კეპას შეცვლა უნდოდა — ვილი კაბალიერო გამოყავდა, მაგრამ ბასკი მოედნიდან არ გავიდა. არისაბალაგა ურჩობამდე ცოტა ხნით ადრე კუნთის კრუნჩხვით იწვა მოედანზე. გარდა ამისა, არგენტინელი კაბალიერო კარგ „პენალტისტად” ითვლება.
კლუბმა კეპას ერთი კვირის ხელფასი დაუქვითა. გარდა ამისა, მას ფანებისთვის ბოდიშის მოხდა მოუწია. გუშინაც ვწერდით, რომ სოციალურ ქსელებში „ჩელსის” მეკარეს დიდი რისხვა დაატყდა თავს. მის საქციელს სამარცხვინოს და უღირსს უწოდებდნენ.
პრესკონფერენციაზე სარიმ მომხდარი გაუგებრობას დააბრალა. მან თქვა, კეპა კი არ ურჩობდა, ცდილობდა ჩემთვის აეხსნა, რომ კრუნჩხვამ გაუარა, მე კი ვერ ვხვდებოდიო. თუმცა, გასახდელში დაბრუნებულ იტალიელს თავი ვეღარ შეუკავებია და არისაბალაგას თანაგუნდელების თვალწინ დასხმია თავს.
თვითმხილველმა ამბავი გამოიტანა: „თავიდან სარიმ კეპას უყვირა, რომ თავდამსხმელის საქმე გოლის გატანაა და თუკი მწვრთნელი ხედავს, რომ ერთ ფორვარდს გოლი ვერ გააქვს, მას შეუძლია ის მეორეთი შეცვალოს. აქედან მწვრთნელი მეკარეებზე გადავიდა. ის ღრიალებდა, რომ მეკარეების შემთხვევაშიც ყველაფერი ზუსტად ისევეა. როდესაც მწვრთნელს მიაჩნია, რომ ერთი მეკარე მეორეს აჯობებს, მას სრული უფლება აქვს ის შეცვალოს”.
24 წლის მეკარეს სარის ასისტენტი ჯანფრანკო ძოლაც მკაცრად დალაპარაკებია.
მაგრამ, კეპასთვის საბედნიეროდ „ჩელსის” ხელმძღვანელობამ ჩათვალა, რომ ინციდენტი ამოწურულია და ბასკი უფრო მკაცრად აღარ დაუსჯია.
აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელები მაურიციო სარის სრულად უჭერენ მხარს. ბრაზილიელმა მცველმა დავიდ ლუისმა თქვა:
„სარი ავტორიტეტითა და ჩვენი პატივისცემით სარგებლობს. ის დიდებული მწვრთნელი და ბრწყინვალე ადამიანია”.