წარსულში ცნობილმა გერმანელმა ფეხბურთელმა, დღეს კი ტელეექსპერტმა დიტმარ ჰამანმა „ბაიერნის” პოლონელი თავდამსხმელის რობერტ ლევანდოვსკის წინააღმდეგ გაილაშქრა. ასე დაწერა, ვატყობ, ლევანდოვსკი „რეკორდმაისტერისთვის” დიდ პრობლემად ყალიბდებაო. თავისი ყოფილი ფეხბურთელის კრიტიკულმა ტექსტმა ბავარიელთა პრეზიდენტი ული ჰიონესი გააბრაზა. ტელეშოუ Doppelpass-ში მან ჰამანს პასუხი გასცა:

„დიდი ჩვენთან თამაშობდა და კლუბს კარგად იცნობს. ამიტომ, მინდა საყვედური ვუთხრა. ისე იქცევა, გეგონება კომენტატორთა ღმერთი იყოს. კაცი იფიქრებს, რომ მან ყველაფერი იცის. არადა, ცხოვრებაში არ მიუღწევია ისეთი სიმაღლეებისთვის, თავი ყოვლისმცოდნედ რომ ჩათვალოს”.

და რაკი პრეზიდენტმა ერთხელ მოხსნა გუდას პირი, მერე ვეღარ გაჩერდა.

„ოდესღაც ჰამანმა მწვრთნელობა სცადა. ის მეხუთე ლიგის გუნდში მივიდა და ძალიან მალე თავქუდმოგლეჯილი გაიქცა იქიდან. დღეს კი ფიქრობს, რომ გვარდიოლასა და ანჩელოტის ერთად სჯობს. ამაში კარგი არაფერია”.

შემდეგ კი ჰიონესმა გაიხსენა ის დღე, როდესაც კარლ-ჰაინც რუმენიგე ტელეექსპერტებს შეხვდა.

„მაშინ რუმენიგემ ექსპერტებს თავისი ხედვა აუხსნა, მაგრამ როგორც ჩანს უშედეგოდ. იმ ნალაპარაკების შინაარსი ჰამანს დღესაც არ ესმის”.