გაუგონარი რამ მოხდა „კარაბაოს თასის” ფინალში „ჩელსისა” და „მანჩესტერ სიტის” შეხვედრის ბოლოს, პენალტების სერიის წინ — დასავლეთ ლონდონელთა ბასკმა მეკარემ კეპა არისაბალაგამ მწვრთნელის… უფრო სწორედ მწვრთნელების დიდი თხოვნისა და ჩხუბის მიუხედავად მოედანი არ დატოვა და კოლეგას, ვილი კაბალიეროს ძელებს შორის ადგილი არ დაუთმო. საბოლოოდ პენალტებში „მანჩესტერ სიტიმ” გაიმარჯვა და თასს დაეუფლა.

კაბალიერო არგენტინელი გოლკიპერია, რომელმაც სამი წლის წინ „ჩელსის” სწორედ პენალტების სერიაში იგივე ლიგის თასი მოაგებინა. საერთოდ, ითვლება, რომ კაბალიერო თერთმეტმეტრიანების სპეციალისტია.

თუმცა ამჯერად კეპა არისაბალაგას შეცვლის სურვილი მხოლოდ იმით არ იყო განპირობებული, რომ მწვრთნელს მოედანზე მის მაგივრად უკეთესი „პენალტისტის” შეშვება უნდა. საქმე ის იყო, რომ თერთმეტმეტრიანების სერიამდე ცოტა ხნით ადრე კეპას კუნთის კრუნჩხვა დაემართა და მაურიციო სარის ელემენტარულად ჯანმრთელი მეკარე სჭირდებოდა.

ბასკმა სარის თხოვნა და ყვირილი ყურად არ იღო. გაჯიქდა და მოედანზე დარჩა. სარის მისი ასისტენტი, „ჩელსის” ლეგენდა ჯანფრანკო ძოლაც დაეხმარა, მაგრამ ვერც მისმა თხოვნამ გაჭრა. განრისხებული სარი ერთიპირობა გასახდელისკენაც კი გაიქცა, მაგრამ შემდეგ თავი ხელში აიყვანა და მოედნის კიდესთან დაბრუნდა.

თუმცა, მატჩის შემდეგ იტალიელი მწვრთნელი, რომელსაც „ლურჯების” თავკაცის პოსტზე უკვე წყალი აქვს შეყენებული, უკვე დამშვიდებული ჩანდა და პრეს-კონფერენციაზე ასეთი შემთხვევებისთვის ჩვეული დიპლომატიურობით პასუხობდა კითხვებს.

„ნამდვილად გავბრაზდი. კეპას კრუნჩხვები ჰქონდა და მინდოდა პენალტების სერიაში მის ნაცვლად კარში ჯანმრთელი კაბალიერო დამეყენებინა, მაგრამ როდესაც კეპასთან ექიმი შევიდა ყველაფერს ნათელი მოეფინა, მე კი ვითარებაში გასარკვევად სამი-ოთხი წუთი დამჭირდა. მოკლედ, დიდი გაუგებრობა მოხდა. ყველაფეს მაშინ მივხვდი, როდესაც ექიმი სათადარიგოთა სკამთან დაბრუნდა. კეპა მართალი იყო, უბრალოდ, თავისი სიმართლე არასწორად გამოხატა. ის ჯანმრთელად იყო და პენალტების სერიაში კარში დგომა შეეძლო.

ახლა მინდა კეპას დაველაპარაკო და გაუგებრობის მიზეზი ავუხსნა. ის მიხვდა, რომ მე მისი შეცვლა მხოლოდ ტრავმის გამო მსურდა და უნდოდა ჩემამდე მოეწვდინა ხმა, რომ კარგად იყო. მეტი არაფერი მომხდარა”.

სარისგან განსხვავებით „ჩელსის” გულშემატკივართა უმრავლესობა მეკარის საქციელმა გააღიზიანა და სოციალურ ქსელებს შესაბამისი კომენტარებიც მოეყარა. ბევრი ბასკი მეკარის კლუბიდან დაუყოვნებლივ გაგდებას ითხოვდა.