მასიმილიანო ალეგრი, ზინედინ ზიდანი და ფრენკ ლემპარდი — აი, კანდიდატები, რომლებმაც შეიძლება „ჩელსის” თავკაცის თანამდებობაზე მაურიციო სარი შეცვალონ.

სარის საქმე კი ისეა, რომ ინგლისური მას-მედია ერთსულოვნად აცხადებს, „კარაბაოს” ანუ ლიგის თასის ფინალში „მანჩესტერ სიტისთანაც” თუ დამარცხდა აუცილებლად მოხსნიანო.

გარდა იმისა, რომ „ჩელსის” ბოლოხანს ცუდი შედეგები აქვს — რამაც კლუბის დირექტორატი შეაწუხა — საკუთრივ სარის ფანებთან გაუფუჭდა ურთიერთობა. ამან განსაკუთრებით „მანჩესტერ იუნაიტედთან” მარცხის შემდეგ იჩინა თავი, როდესაც დასავლეთ ლონდონელთა იტალიელმა თავკაცმა მოურიდებლად განაცხადა, სულ არ მადარდებს ეგენი რას ფიქრობენო.

შესაბამისად, შემდეგი სამი თამაში მისთვის გადამწყვეტია. ესენია, ევროლიგის მატჩი „მალმიოსთან”, ლიგის თასისა „სიტისთან” და პრემირლიგისა „ტოტენჰემთან”.

ახალ კი იმ მწვრთნელების შესახებ, რომლებიც სავარაუდოდ სარის შეცვლიან. პირველი, ვინ გონებაში მოდის „ლურჯების” ლეგენდა ფრენკ ლემპარდია. ის სხვებზე ადრე იმიტომ ვახსენეთ, რომ ორშაბათს, „ჩელსისა” და „მანჩესტერ იუნაიტედის” შეხვედრაში, ფანები ტრიბუნიდან მის სახელს სკანდირებდნენ. ლემპარდის მინუსი გამოუცდელობაა. დღეს ის „დერბის” უდგას სათავეში, მაგრამ ახალ პროფესიაში მხოლოდ პირველი სეზონია რაც მივიდა.

მეორე, ვისაც ასახელებენ, ზინედინ ზიდანი გახლავთ. ზიდანის კვალიფიკაციაზე ლაპარაკი ზედმეტია, მაგრამ ფრანგს ერთი დიდი მინუსი აქვს, ინგლისური არ იცის.

და მესამე კანდიდატი გახლავთ მასიმილიანო ალეგრი.

ყურადღების ცენტრში მოექცა აგრეთვე „ჩელსის” სპორტული დირექტორი მარინა გრანოვსკაია, რომელიც კლუბის მეპატრონის რომან აბრამოვიჩის მარჯვენა ხელი გახლავთ. მაგრამ, აბრამოვიჩთან ახლობლობა ერთია და ის, რომ მაურიციო სარი ფაქტობრივად მან მოიყვანა და ტრანსფერებშიც გადამწყვეტი სიტყვა ეკუთვნის — მეორე. ტრანსფერების მხრივ კი დასავლეთ ლონდონელებს საამაყო არაფერი აქვთ.